ლავროვი: რუსეთი და საქართველო სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე ვერ იმუშავებენ
რუსეთი და საქართველო სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დიპლომატიური ურთიერთობების გარეშე ვერ იმუშავებენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გაზეთ „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„საქართველომ სავიზო რეჟიმი არა მარტო რუსეთის მოქალაქეებს, არამედ მსოფლიოს კიდევ 100 ქვეყანას გაუუქმა. ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად იყო მიღებული. თუმცა თანამედროვე მსოფლიოში, სადაც ტერორისტული და სხვა სახის საფრთხეები იზრდება, ავტომატურად მეორე მხარე ვიზებს არ აუქმებს. ასე, მაგალითად, ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საქართველოს ვიზები ჯერ კიდევ 2006 წელს გააუქმა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმების საკითხზე ბრიუსელმა თბილისთან მოლაპარაკება მხოლოდ 2012 წელს დაიწყო. წლების განმავლობაში, ევროკავშირი და საქართველო საკანონმდებლო ბაზის ცვლილებაზე მუშაობდნენ. საქართველო რეგულარულად აწვდიდა ბრიუსელს ინფორმაციას შესრულებული სამუშაოს შესახებ. პროცესის დასასრულს მხოლოდ ახლა უახლოვდება. ანალოგიური მასშტაბის სამუშაოს ჩატარება შეუძლებელია დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა გაწყვიტა“, – განაცხადა ლავროვმა.
ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ 2015 წელს რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმი მნიშვნელოვნად გაუმარტივა და დღეს საქართველოს მოქალაქეებს შეზღუდვების გარეშე, კერძო პირის ან ორგანიზაციის მიწვევით, რუსეთში ჩასვლა შეუძლიათ.