ტრამპი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: საუბარია ქვეყნის უსაფრთხოებაზე
„საუბარია აშშ-ის უსაფრთხოებაზე. ჩვენ ერთმანეთს სასამართლოში შევხვდებით“,- ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას აღნიშნა.
სან-ფრანცისკოს სასამართლომ მანამდე ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. სასამართლომ მიგრანტებთან და ლტოლვილებთან დაკავშირებით, ტრამპის მიერ მიღებული ბრძანებულება გააუქმა.
ამის შემდეგ, ტრამპი თეთრ სახლში ჟურნალისტებს შეხვდა.
“ეს ძალიან სერიოზული სიტუაციაა. მე მათთან სასამართლოში შეხვედრას ვიმედოვნებ. ჩვენ ამ საქმის მოგებას ვაპირებთ“, – განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ სან-ფრანცისკოს სასამართლომ „პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო“.
აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას უმაღლეს ინსტანციაში – უზენაეს სასმართლოში გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, სან-ფრანცისკოს სააპელაციო სასამართლომ, სამდღიანი განხილვის შემდეგ, სიეტლის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რომელმაც ტრამპის ბრძანებულების მოქმედება შეაჩერა.