„კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო იქამდე, სანამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა“

 „კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო იქამდე, სანამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა “საერთო სასამართლოების” შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო, რომ ის შენიშვნები, რომლებიც არის წარმოდგენილი, მომდევნო ტალღის პროცესში განხილულიყო, „კონსულტაციები ბევრად უფრო სასარგებლო შეიძლებოდა ყოფილიყო იქამდე, სანამ კანონპროექტს პრეზიდენტი ვეტოს დაადებდა. ახლა ჩემი აზრით, ეს ნაკლები სარგებლის მომტანია, რადგან შენიშვნები უკვე წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტში და ჩვენ კომპეტენციას განეკუთვნება ვიმსჯელოთ, არის თუ არა გასათვალისწინებელი. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს კანონპროექტი მაქსიმალურად სწრაფად შესულიყო ძალაში, რადგან იქ არის მნიშვნელოვანი ჩანაწერები, რომლებიც ეხება საქმეთა განაწილების სისტემას. შესაძლებელი იყო, რომ ის შენიშვნები, რომლებიც არის წარმოდგენილი, მომდევნო ტალღის პროცესში განხილულიყო, მაგრამ სამწუხაროდ, ვეტოსა და კანონის შეფერხების ფორმით გვიწევს ამაზე მსჯელობა“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
მისივე თქმით, უმრავლესობა სავარაუდოდ ვეტოს დაძლევის გადაწყვეტილებას მიიღებს. როგორც ჩუგოშვილმა განმარტა, პარლამენტს არ აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ გაითვალისწინოს და ნაწილობრივ არა. „რაც შეეხება მოტივირებული შენიშვნების გათვალისწინების არსს, არსი არის ის, რომ ან ხდება სრულად გათვალისწინება, ან ხდება სრულად უარყოფა. პარლამენტს არ აქვს შესაძლებლობა ნაწილობრივ გაითვალისწინოს და ნაწილობრივ არა. არის საკითხები რომელთა გაზიარებაც შეიძლებოდა, მაგრამ არის საკითხები, რომლის გათვალისწინებაც რთული იქნება. ჩვენ ალბათ, უფრო მოგვიწევს გადავლახოთ ვეტო, ვიდრე გავიზიაროთ წარმოდგენილი შენიშვნები“, – აღნიშნა ჩუგოშვილმა.
”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაგეგმილ შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები