„ბავშვთა სამყაროსთან“ მოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

„ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე სიტუაცია დაიძაბა. დაზარალებული მოვაჭრეები ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, ზარალი მან უნდა აანაზღაუროს, ვისთანაც თავის დროზე ხელშეკრულება გააფორმეს, ანუ „ბავშვთა სამყაროს“ ადმინისტრაციამ. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ საუბარია ათიათასობით და ასიათასობით ლარის ზარალზე, თუმცა მათ ამ პრობლემაზე არავინ ესაუბრება.
ამასთანავე, დანგრეულ და დანახშირებულ შენობაში ვერცხლით მოვაჭრეები შესვლას და საკუთარი პროდუქციის ნახვას მოითხოვენ. მოვაჭრეებსა და სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. როგორც სავაჭრო ცენტრის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა დაზარალებულებს განუმარტეს, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მათი შენობაში შეშვება ვერ ხერხდება. მოვაჭრეები აცხადებენ, რომ თუ მათ შენობაში არ შეუშვებენ, ჯებირს გაანგრევენ და ისე შეეცდებიან შენობაში შეღწევას.
ცნობისათვის, გუშინ „ოქროს სამყაროს“ მოვაჭრეების უმრავლესობამ საკუთარი საქონელი – ოქრო დაიბრუნა, მხოლოდ ექვსი ადამიანი იყო, რომლებმაც გასაღები დაკარგეს და საკუთარ პროდუქცია ვერ მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები