მედიკოსები: მალარია ტრადიციული პრეპარატებით აღარ იკურნება

ბრიტანელი მედიკოსები აცხადებენ, რომ მალარია ტრადიციული მეთოდებით აღარ იკურნება და მის ახალ ფორმებს წამლების მიმართ იმუნიტეტი გაუჩნდა.
ეს დასკვნა მედიკოსებმა ბოლო ფაქტის გაანალიზების შემდეგ გამოიტანეს, როდესაც აფრიკიდან დაბრუნებული ოთხი პაციენტის მკურნალობას სასურველი ეფექტი არ მოჰყვა.
თავდაპირველად, ოთხივე პაციენტის მკურნალობა წარმატებით მიმდინარეობდა და ისინი საავადმყოფოდან გაწერეს, თუმცა ერთი თვის შემდეგ, დაავადებამ კვლავ თავი იჩინა.
ლონდონის ჰიგიენის სკოლაში აცხადებენ, რომ ჯერჯერობით პანიკის საფუძველი არ არის, თუმცა ტრადიციული პრეპარატების მიმართ აფრიკული მალარიის პარაზიტების მდგრადობა სასწრაფოდ შესასწავლია.
მალარიას პლაზმოდიუმის ტიპის პარაზიტი იწვევს, რომელიც ღვიძლიდან სისხლში ხვდება და ერითროციტებს აზიანებს. პარაზიტი, ძირითადად, კოღოს ნაკბენით გადადის, დაავადებისთვის ერთი ნაკბენიც საკმარისია. აფრიკაში მალარია 5 წლამდე ბავშვთა სიკვდილის მთავარი მიზეზია. სტატისტიკური მონაცემებით,  მალარიით მსოფლიოში, ყოველ 2 წუთში ერთხელ,  ერთი ბავშვი იღუპება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები