ქვემო ქართლში შველზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტში შველზე ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ სამწვერისის ტერიტორიაზე, დევნის განხორციელების შედეგად გაჩერებული ავტომანქანის საბარგულში აღმოჩნდა გატყავებული და დანაწევრებული ორი შველი. ექსპერტიზამ, რომელიც ხორციდან აღებულ ნიმუშებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ჩატარდა, დაადასტურა, რომ გადაგზავნილი ორი ნიმუში შვლის ინდივიდს მიეკუთვნება. სამართალდამრღვევებმა მიმალვა შეძლეს, თუმცა მანქანაში ნაპოვნი მართვის მოწმობისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, მოხერხდა მძღოლისა და უკანონო ნადირობაში მონაწილე სხვა პირების ვინაობის დადგენა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ავტომანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს და დალუქეს. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 10 000 (ათი ათასი) ლარი შეადგინა. ქმედება შეიცავს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, შესაბამისად, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაგზავნილია შინაგან საქმეთა სამინისტროს ბოლნისის რაიონულ სამმართველოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები