გია ბუღაძის წიგნის – „200 ამბავი მხატვრობაზე“ წარდგინება გაიმართება

დღეს, 30 იანვარს, 19:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამომცემლობა „არტანუჯი“  გია ბუღაძის წიგნის – „200 ამბავი მხატვრობაზე“ წარდგინებას მართავს.
როგორც „კვრიას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, წარდგინებაზე მოსულ სტუმრებს ავტორი, გია ბუღაძე მოუყვება რამდენიმე ამბავს წიგნიდან. წიგნის შემდგენელი, მარიამ უგრეხელიძე წიგნზე მუშაობის პროცესზე ისაუბრებს.
„200 ამბავი მხატვრობაზე“ სერია „თან საკითხავის“ პირველი წიგნია, სერიის შესახებ „თან საკითხავის“ მთავარი რედაქტორი ბუბა კუდავა ისაუბრებს.
გამომცემლობა „არტანუჯის“ ახალი სერია – „თან საკითხავი“ ერთგვარი გამოსავალია ამ საყოველთაო უდროობის დროს. საკითხავი თანდათანობით, სვენება-სვენებით თუ ერთი ამოსუნთქვით. საკითხავი კეთების პარალელურად. ადვილი და საინტერესო საკითხავი. საკითხავი დასვენებისას, მგზავრობისას, თუნდაც მუშაობა-მუშაობისას. საკითხავი ავტობუსში, მანქანაში, თვითმფრინავში, მატარებელში…
თითოეულ გამოცემაში ერთი საინტერესო თემისა თუ პიროვნების შესახებ შეკრებილი, გასაგები და უშუალო ენით დაწერილი, მცირე მოცულობის ძალზე საინტერესო „ამბები“ მოიყრის თავს. ეს ნაწილები არ იქნება ერთმანეთზე გადაბმული და დამოკიდებული.
ასე, ნაკვეს-ნაკვეს კითხვა წიგნის ნებისმიერი ნაწილიდან შეგვიძლია დავიწყოთ და ნებისმიერ დროს შევწყვიტოთ, ნებისმიერ დროს განვაახლოთ და შემდეგ ნელ-ნელა ჩავამთავროთ. ან არც ჩავამთავროთ…

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები