საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება

საქართველოში აზიის განვითარების ბანკის დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. სტუმრები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა და მინისტრის პირველმა მოადგილემ მიიღეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ერთობლივ პროექტებზე იმსჯელეს, მათ შორის წყალმომარაგებისა და გზების მშენებლობის პერსპექტივებზე. ყურადღება დაეთმო ურბანული განვითარების საკითხებსაც.
აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლის, იეშიმ ელჰან კაიალარის განცხადებით, მათი მჭიდრო პარტნიორობა საქართველოს მთავრობასთან  მოსახლეობისთვის უკეთესი პირობების შექმნაში გამოიხატება.
„ჩვენ ძალიან მჭიდრო პარტნიორობა გვაკავშირებს საქართველოს მთავრობასთან, განსაკუთრებით კი აღსანიშნავია თანამშრომლობა რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან, რაც გამოიხატება საქართველოს მოსახლეობისათვის უკეთესი პირობების შექმნაში, წყლით მომარაგებასა და გზების გაუმჯობესებაში. ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ არა მხოლოდ მიმდინარე ფართომასშტაბიანი პროექტების დასრულებაზე, რაც ითვალისწინებს ერთ მილიარდ დოლარამდე დაფინანსებას, არამედ ვსაუბრობთ სამომავლო პროექტებზე და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას ვგეგმავთ”, – აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენელმა.
ამასთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, აზიის განვითარების ბანკი ერთ-ერთი მსხვილი დონორია და მომავალში თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოება იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები