„სამსუნგი“ – Galaxy Note 7-ის აფეთქების მიზეზი აკუმულატორში არსებული წუნი გახდა
კომპანია “სამსუნგის“ ინფორმაციით, Galaxy Note 7-ის აფეთქების არაერთი ფაქტის მიზეზი აკუმულატორში არსებული წუნი გახდა. კომპანიის ინფორმაციით, ბატარეებს გადახურების გამო ცეცხლი უჩნდებოდათ. მის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის ამაზე სრულად იღებს პასუხისმგებლობას და სმარტფონების კონსტრუქციას, ასევე აკუმულატორის წარმოების წესს შეცვლის.
სმარტფონი Galaxy Note 7 გასაყიდად 2016 წლის აგვისტოში გამოჩნდა. სექტემბერში კი „სამსუნგმა“ ამ მოდელის 2,5 მილიონი სმარტფონი უკან გაიწვია. ამის მიზეზი მათი აალებების და აფეთქებების არაერთი შემთხვევა გახდა.
„სამსუნგმა“ ტელეფონები გამოცვალა და პრობლემის მოგვარების შესახებ განაცხადა, თუმცა გამოცვლილ მოდელებს ასევე ცეცხლი გაუჩნდათ. ამის შემდეგ კომპანიამ ამ მოდელის სმარტფონების წარმოება შეწყვიტა. ექსპერტების გათვლებით, ამან „სამსუნგი“ 5,3 მილიარდი დოლარით აზარალა და კომპანიის რეპუტაციას სერიოზული ზიანი მიაყენა.