რუსა ამირეჯიბი: პროცესზე დამრიგებელი და დირექტორი უარყოფდნენ, რომ სკოლაში ვინმე რასისტულად იყო განწყობილი

 სასამართლო პროცესი, ჭაბუა ამირეჯიბის შვილიშვილ რუსა ამირეჯიბსა და 130-ე სკოლის პედაგოგებს შორის, პედაგოგების სასარგებლოდ გადაწყდა – ამის შესახებ ვრცელ სტატიას მკითხველს გაზეთი „ასავალ-დასავალი“ დღევანდელ ნომერში სთავაზობს. საქმე ეხება მასწავლებლებსა და რუსა ამირეჯიბის შვილს შორის დაპირისპირებას, რომელიც მას შემდეგ დაიწყო, რაც მიმის, მისმა თანაკლასელმა მამამისის ფერადკანიანობის გამო, “ზანგი” უწოდა. როგორც რუსა ამირეჯიბი გაზეთ “ასავალ-დასავალთან” ინტერვიუში აცხადებს, მათ პედაგოგებთან სასმართლო პროცესი იმიტომ წააგეს, რომ აღნიშნული შემთხვევის მოხდენისთანავე “კონცერტი” არ მოაწყო და მკაცრ ზომებს არ მიმართა.
“ჩემი შვილი ამ სკოლაში ახალი გადასული იყო, როდესაც მითხრა – შენ დედა ხარ, ამ რასისტებში რას მომიყვანეო? თურმე, კლასში ვიღაცას ზანგი უწოდებია. ვინაიდან დამრიგებელმა იმ ბავშვს ბოდიში მოახდევინა, აღარ ჩავერიე, ვიფიქრე, რომ ასეთ შემთხვევაზე სხვა დროს სხვა სანქციებს გაატარებდა, მაგრამ შევცდი. პროცესი სწორედ იმის გამო წავაგეთ, რომ თურმე, სკოლაში თავიდანვე “კონცერტი” უნდა მომეწყო და მკაცრი ზომებისთვის მიმემართა. თანაკლასელი ბიჭი, დამრიგებელი და სკოლის დირექტორი აგრესიულად იქცეოდნენ. იმის ნაცვლად, რომ რომელიმეს ბოდიში მოეხადა, მის სწავლის ხარისხზე ლაპარაკობდნენ”, – აღნიშნა რუსა ამირეჯიბმა. მისივე თქმით, სასამართლო პროცესზე “დამრიგებელი და დირექტორი გასაოცარ ტყუილებს ჰყვებოდნენ, უარყოფდნენ, რომ სკოლაში მიმის მიმართ ვინმე რასისტულად იყო განწყობილი.
„მოსამართლე ასმათ კოხრეიძე მიმის მიმართ თავიდან თბილად განეწყო, ეკითხებოდა – რა აინტერესებდა, მომავალში რას აპირებდა…ვიფიქრეთ, ბავშვს დაუჯერებდა, რომელმაც, როცა სიტყვა მისცეს, დირექტორსა და დამრიგებელს ტირილით მიმართა- დღე არ გავიდოდა, სკოლაში ჩემთვის “ზანგო” არ ეწოდებინათ და რატომ არ დამიცავითო? პროცესზე დამრიგებელი და დირექტორი გასაოცარ ტყუილებს ჰყვებოდნენ, უარყოფდნენ, რომ სკოლაში მიმის მიმართ ვინმე რასისტულად იყო განწყობილი. მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს შიდა გამოძიებაზე კლასელებმა აღიარეს მიმის მიმართ რასისტული განწყობა, ფაქტები ხანდაზმულად ჩათვალეს, მათ შორის ისიც, ფიზკულტურის მასწავლებელმა რომ შეჰყვირა: “ვა, ზანგო, ჩვენს სკოლაშიო?!”. გამამტყუნეს, იმიტომ რომ თურმე, თავიდანვე არ ჩავერიე – თუ ჩასარევად იყო საქმე, ესე იგი, შემთხვევა არარასისტული როგორ იქნებოდა? მოსამართლემ დასკვნა გამოიტანა პირადი შეხედულებით და არა არგუმენტაციასა და მოწმეების ჩვენებებზე დაყრდნობით. გამოდის, რომ მიმიც ტყუოდა, ჩვენ კი გვეხალისებოდა პროცესებზე სიარული და ყველაფრის განცდა.“ – ამბობს რუსა ამირეჯიბი გამოცემასთან ინტერვიუში.
რუსა ამირეჯიბი გასაჩივრებას აღარ აპირებს, თუმცა, მიაჩნია, რომ ამ პროცესმა ნაყოფი გამოიღო და ადამიანები რასიზმზე დააფიქრა. შეგახსენებთ, რომ რუსა ამირეჯიბსა და 130-ე სკოლის პედაგოგებს შორის კონფლიქტი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც მის ფერადკანიან გოგონას – მამის კანის ფერის გამო, მისმა თანაკლასელმა შეურაცხყოფა მიაყენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები