„ქურდები სააკაშვილის მოცილებას გივი თარგამაძის ხელით აპირებენ?“

 „ის „რუხი კარდინალი” არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამბობენ, რომ ყოველთვის ყველაზე შავ და ბინძურ საქმეს აკეთებდა – ამის შესახებ გაზეთი „ვერსია“ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრ გივი თარგამაძის შესახებ წერს.
„ის „რუხი კარდინალი” არასოდეს ყოფილა, მაგრამ ამბობენ, რომ ყოველთვის ყველაზე შავ და ბინძურ საქმეს აკეთებდა. ეს შესაძლოა, გადაჭარბებული შეფასებაა, მაგრამ ფაქტია: ვიღაცას ნერვებს ძალიან უშლის და ამიტომაც, 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების წინ, მისი მოშორება სცადა ან სცადეს. ყოველ შემთხვევაში, ავტომანქანა აუფეთქეს”, – წერს გაზეთი „ვერსია” „ნაციონალური მოძრაობის” წევრ გივი თარგამაძეზე. როგორც გამოცემა აღნიშნავს, „გივი თარგამაძეს სააკაშვილის, როგორც სახელმწიფო მმართველის შექმნა-ჩამოყალიბებაში, ლომის წილი მიუძღვის.
„გივი თარგამაძეს სააკაშვილის, როგორც სახელმწიფო მმართველის შექმნა-ჩამოყალიბებაში, ლომის წილი მიუძღვის, აქედან გამომდინარე, ზოგი, ალბათ, ვერც წარმოიდგენდა, რომ გივი ოდესმე მიშას წინააღმდეგ გაილაშქრებდა, მაგრამ ისინი, ვინც პოლიტტექნოლოგიებში ზომაზე მეტად ერკვევიან, ამბობენ, რომ პოლიტიკაში ერთგულება „ზედმეტი ბარგია”. როგორც ჩანს, ამ „ბარგისგან” გათავისუფლება გივიმაც გადაწყვიტა. გივი თარგამაძის პოლიტიკური ცხოვრება 90-იანებში, სამოქალაქო აქტივისტობით იწყება: თავისუფლების ინსტიტუტის ერთ-ერთი სახე იყო და „ვარდების რევოლუციაშიც” აქტიურად მონაწილეობდა. პარალელურად, ვრცელდებოდა ცნობა, რომ თარგამაძეს გარკვეული კავშირები ჰქონდა ე.წ შავ სამყაროსთანაც. ზოგადად, შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლაში „შავების” მონაწილეობაზე არაერთხელ დაწერილა. გაჩნდა ეჭვი, რომ რევოლუციონერებს ზურგს ტარიელ ონიანი უმაგრებდა. შესაძლოა, არც უამისობა იყო და თუ ყველაფერი ეს რეალობაა, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა საერთო ჰქონდათ, ან აქვთ „ნაციონალებს” კრიმინალებთან, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც ყოფილი მმართველი გუნდი ე.წ ავტორიტეტებს ებრძოდა. ფაქტი ერთია: ადამიანი, რომელსაც საკანონმდებლო ორგანოში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, ამასთან, ნდობის ჯგუფის გავლენიანი ფიგურაც იყო, „შავების” ერთგვარ ექსპერტად ჩამოყალიბდა”, – წერს „ვერსია”.
ამ თემაზე საუბრისას „ვერსიის” კონფიდენტი აღნიშნავს, რომ „ნაცმოძრაობაში” დაწყებული არეულობის გადამწყვეტ აკორდად შესაძლოა, სწორედ ქურდების სიტყვა იქცეს, რომელსაც გივი თარგამაძე იტყვის. „ასეთ საოცარ რეალობაში გავიღვიძეთ – გუშინ, პარტიის სამდივნოს სხდომაზე, იმის პასუხად, რომ წინა პოლიტსაბჭოს გამარჯვებულებს საკრალური 7 ათასის გარდა ყრილობის ჩატარების არც ერთი წესი ბოლომდე გაწერილი არ აქვთ და ასე მოქმედება შეუძლებელია, საჭიროა, პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი სხდომის ჩატარება და ყველაფრის დაზუსტება, პასუხად მივიღეთ, რომ პოლიტსაბჭო მათი (ანუ მისი) გაგებით, აღარ არსებობს და აწი ყველაფერს გადაწყვეტს ყრილობის საორგანიზაციო კომისია. მითითება, რომ ამ კომისიის წარდგენილი წევრებიც, წინა გადაწყვეტილების შესაბამისად, ასევე პოლიტსაბჭომ უნდა დაამტკიცოს, არ აინტერესებთ. თურმე წინა პოლიტსაბჭოს ნათქვამი, რომ მსგავსი კომისია უნდა შეიქმნას, იმთავითვე მის დამტკიცებას (!) ნიშნავდა ანუ წევრთა წარდგენა იმთავითვე დამტკიცებასაც ნიშნავს. ჰოდა მივიღეთ პარტიაში გადატრიალების მცდელობა. ჰქონდა დიდგორის იდეა. ჩაუვარდა და შეუცვლელი ლიდერობის პრეტენზიის მქონე პოლიტიკოსი იქამდე მივიდა, რომ მის წარმოდგენაში ეგზისტენციალური დიდგორი 20 იანვარს, სპორტის სასახლეში, საკუთარ, თუნდაც ყოფილ, თანამებრძოლებთან შერკინებაში ეგულება. სავალალოა, ღმერთმანი”, – დაწერა რამდენიმე დღის წინ გივი თარგამაძემ სოციალურ ქსელში.
„ვერსიის” კონფიდენტი მიიჩნევს, რომ თარგამაძის ეს განცხადება სააკაშვილისთვის ლახვრის ფუნქციას შეასრულებს. „არ მინდა სხვანაირად გამიგოთ, მაგრამ გივი „ნაციონალებიდან” ერთ-ერთი ყველაზე ბნელით მოცული პიროვნებაა. პირადი წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ სააკაშვილი მხოლოდ მსოფლიოს პოლიტიკური ლიდერშიფერისთვის კი არა, უკვე ე.წ კანონიერი ქურდებისთვისაც მიუღებელია. არ ვიცი „შავი სამყაროს” წარმომადგენლებთან გივი თარგამაძემ ურთიერთობა როდის და როგორ დაამყარა, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ სააკაშვილს ყველაზე მეტად სწორედ მისი გააქტიურების ეშინია. ისე, 8 ოქტომბრის არჩევნების წინ, როცა თარგამაძის მანქანა ააფეთქეს, გაჩნდა ვერსია, რომ ყველაფერი ამის კვალი შესაძლოა, უკრაინამდე მისულიყო. ამ აფეთქების დროს ნაცებში შიდა ბუნტი უკვე დაწყებული იყო და მან, ვინც იცოდა, მომავალში რა უნდა მომხდარიყო, ალბათ, თავის დაზღვევა სცადა და ყველაზე „მძიმეწონიანი” ტიპის განეიტრალება თუ არა, მინიმუმ, შეშინება განიზრახა…” – აღნიშნავს „ვერსიის” კონფიდენტი. მისივე თქმით, ეს საკითხი ძალიან ბინძურია და სიღრმეებში ჩასვლა არ ღირს. „ზემოთქმულიდან გამომდინარე, ასეთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: გივი თარგამაძე ის მძიმე არტილერიაა, რომელიც ნაცმოძრაობის შიდა ომში გადამწყვეტ როლს შეასრულებს”, – წერს „ვერსია”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები