მარგველაშვილის შვილის მძღოლის წინააღმდეგ სკანდალური სასამართლო პროცესი იწყება

“მარგველაშვილის შვილის მძღოლის წინააღმდეგ სკანდალური სასამართლო პროცესი იწყება“, – ამ სათაურით სტატიას გაზეთი „პრაიმტაიმი“ აქვეყნებს.
როგორც გამოცემა წერს, საქართველოს პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის პირად მძღოლს ფოსტის თანამშრომლის ცემასა და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში ედება ბრალი. სკანდალურ საქმეს უკვე სწავლობს სახალხო დამცველის აპარატი. ოფიციალური ინფორმაციით, პრეზიდენტის შვილის პირად მძღოლს, სანდრო მარტიაშვილს 3000-ლარიანი გირაო უკვე შეეფარდა. რაც შეეხება საქმის მასალებს, დაზარალებული „პრაიმტაიმთან“ საუბარში აცხადებს, რომ ბრალდებულ სანდრო მარტიაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული გამოძიების პროცესში რამდენჯერმე გადაკვალიფიცირდა. რა მოხდა გასულ ზაფხულს თბილისში? ვინ არის პრეზიდენტის შვილის მძღოლი და რა სამხილები არსებობს მის წინააღმდეგ?
„პრაიმტაიმი“ მკითხველს დაზარალებულ პირთან 27 წლის მამუკა ხამასურიძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუს სთავაზობს:
„ჩემი ცემის ფაქტი ზაფხულში ჩემს სახლთან ახლოს მოხდა მაშინ, როცა სტუმრებს, 2 მეგობარ ბიჭს ვაცილებდი. გამოვედით ცენტრალურ ტრასაზე ტაქსის გასაჩერებლად, დავინახეთ ტაქსი და დავუქნიე ხელი. თუმცა ტაქსის ნაცვლად გააჩერა მის წინ მიმავალმა ავტომობილმა, საიდანაც ჩემთვის უცნობმა პირმა დამიძახა. მივუახლოვდი ავტომობილს და მითხრა, რატომ დაუქნიე ხელიო. მე ვუთხარი, რომ ტაქსს ვაჩერებდი სტუმრებისთვის. დამიწყო აგრესიული საუბარი, თითქოს ძალით ცდილობდა ჩემს გამოწვევას. ბოლოს მითხრა, მე წავიყვან მაგ ბიჭებსო. მადლობა გადავუხადე და თანხა შევთავაზე, რომელიც ხელში მეჭირა და ტაქსისთვის უნდა მიმეცა. გაღიზიანდა, იუკადრისა და მანქანიდან გადმოვიდა. მითხრა, რად მინდა შენი ფული, ვის სთავაზობო, დროზე მითხარით თქვენი გვარები და სახელებიო. მე ვუთხარი ჩემი ვინაობა, პოლიციელი მეგონა, გვიყვიროდა. მე სანდრო მარტიაშვილი ვარ, მარგველაშვილთან ვმუშაობო, მითხარით თქვენი გვარები, ვინ ხართო. შევეცადე, ამეხსნა, რომ ცუდი განზრახვა არ მქონია და არ მიცდია მისი დამცირება. არ მომისმინა, უფრო აგრესიული გახდა, მწვდა ყელში.
ჩემი მეგობრები გაშველებას შეეცადნენ და ამ დროს ხელი წაიღო უკანა ჯიბისკენ და თავში ჩამარტყა იარაღის კონდახი. დავეცი, თუმცა, სანამ გავითიშებოდი, სახეში წიხლიც ჩამაზილა. ფაქტობრივად, უგონო მდგომარეობაში ვიყავი. გავითიშე. ამ დროს ადგილზე მოსულა პოლიცია და სასწრაფო დახმარება. იქ უთქვამთ, თითქოს მე დავეცი. სასწრაფომ გადამიყვანა მე-8 საავადმყოფოში, სადაც ჩამიტარდა სხვადასხვა გადაუდებელი სამედიცინო პროცედურები. მოგვიანებით კი აღმოჩნდა, რომ თავში მქონდა ჩარჩენილი ძვლის ნატეხი. ჩამიტარდა ოპერაცია. 10 დღის მანძილზე ვიწექი საავადმყოფოში და ორი თვის მანძილზე სახლის პირობებში ვმკურნალობდი. ჩემი დაკითხვა რამდენჯერმე მოხდა. პირველად დამკითხეს მაშინ, როცა ძლიერი ტრავმისა და მედიკამენტების ქვეშ ვიყავი. სრულად ვერ აღვიდგინე მომხდარი, იმის გამო, რომ შოკში ვიყავი. როცა ამ მდგომარეობიდან გამოვედი, განმეორებითი დაკითხვა მოვითხოვე.
გამომძიებელს მოვუყევი, რეალურად რაც მოხდა. გამომძიებელმა მითხრა, რომ საავადმყოფოდან ჩემი სამედიცინო ისტორიის გამოთხოვის უფლება მიმეცა. დავთანხმდი და ხელი მოვუწერე, რადგან მე თავისუფლად გადაადგილება არ შემეძლო. გამოითხოვეს კლინიკიდან მასალები, როცა საქმის მასალებს გავეცანი, გაირკვა, რომ მხოლოდ ერთი დისკი წარუდგინეს ექსპერტიზაზე. გამომძიებელმა ამის გამო ექსპერტიზა სრულფასოვნად ვერ ჩაატარა. მოგვიანებით დამატებით ორი დისკი გამოვითხოვე მე-8 საავადმყოფოდან და გადავეცი ექსპერტიზას. ამის შემდეგ ექსპერტმა დაწერა, რომ ბლაგვი საგნით მქონდა მოყენებული დაზიანება და ტრავმა სიცოცხლისთვის საშიში იყო. როგორც გავარკვიეთ, სანდრო მარტიაშვილი იმ პერიოდში იყო პრეზიდენტის შვილის, ანა მარგველაშვილის მძღოლი და პირადი დაცვაც. ის ყოფილი სპორტსმენია. რაც შეეხება მის პიროვნულ თვისებებს, ვიცი მხოლოდ ის, რომ, როცა მე საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში ვიმყოფებოდი, სანდრო მარტიაშვილი და მისი მეგობარი, რომლის ვინაობაც არ ვიცი, შეიარაღებულები იდგნენ საავადმყოფოს ეზოში და იმუქრებოდნენ, რა ვითარებაშიც უნდა, შევხვდებით და გავურჩევთ საქმესო“, – აცხადებს ხამასურიძე.
მისი თქმით, მომხდარს მისი ორი მეგობარი შეესწრო.
„ჩემი 2 მეგობარი იყო, რომლებმაც ჩვენება მისცეს, თუმცა თქვეს, რომ თითქოს არ დაუნახავთ იარაღი, რადგან ღამე იყო და გაშველების პროცესში ვერ დაინახეს. არ ვიცი, დააშინეს თუ რა მოხდა, თუმცა, რაც მთავარია, ექსპერტიზამ განსხვავებული სურათი დადო და ფოტოებზეც მეტყობა, რომ დაცემისგან არ მიმიღია ეს ტრავმა. პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან არავინ გამომხმაურებია, ერთი ჭიქა წყალი არ მოუწოდებია ჩემთვის არავის. მკურნალობის კურსი კერძო დაზღვევამ ამინაზღაურა. როცა სახლში გავდიოდი მკურნალობას და ჩვენება მივეცი გამომძიებლებს, მარტიაშვილის მამამ სცადა მოლაპარაკება და თითქოს ჩემი დამშვიდება, თუმცა ეს უფრო მუქარას ჰგავდა. მითხრა, ჩემი შვილი ციხეში რომ წავიდეს, როცა გამოვა, არ ვიცი, კიდევ რას ჩაიდენს და რა მოუვა შენს ოჯახსო“, – განაცხადა „პრაიმტაიმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მამუკა ხამასურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები