გიორგი ალიბეგაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს პასუხობს და აცხადებს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია რიგგარეშე სხდომის მოწვევა

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ოპოზიციონერ კოლეგებს პასუხობს და აცხადებს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია რიგგარეშე სხდომის მოწვევა .
როგორც მან აღნიშნა, ის ოპოზიციონერ კოლეგებს მიმართავს, რომ მსგავსი ტიპის საკითხების პოლიტიზირებას ნუ მოახდენენ.
„2016 წლის 27 დეკემბერს საკრებულოს ოპოზიციონერი კოლეგების მიერ რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე წერილობითი მომართვა შემოვიდა. მოგეხსენებათ, საკრებულო არის კოლეგიალური ორგანო და, შესაბამისად, ჩვენ, როგორც ფრაქციის, ასევე უმრავლესობის ფორმატით იურიდიულ კომისიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კონსულტაციები გავმართეთ. ასევე დეტალურად გავეცანით ორივე მხარის მიერ წარმოდგენილ ყველა მასალას. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მე-5 მოწვევის საკრებულოში ნებისმიერი საჯარო მოხელის უფლება დაცულია და მათ საქმიანობისთვის თანაბარი გარემო აქვთ შექმნილი. ფაქტია ისიც, რომ იმ ხუთი თანამშრომლიდან არცერთი მათგანი არ გათავისუფლებულა, არ დარღვეულა მათი შრომითი უფლებები და ისინი თბილისის საკრებულოში საქმიანობას დღესაც განაგრძობენ. დამატებით შევნიშნავთ, რომ ორწლინახევრის განმავლობაში საკრებულოში არაერთი კონკურსი და ატესტაცია ჩატარდა. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები საკრებულოში წარმოდგენილი ყველა პოლიტიკური პარტიის, მათ შორის, ოპოზიციური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პროფკავშირების წარმომადგენლები იყვნენ. შედეგებთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ დასმულა. მე, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, ვიყავი და ვარ უწყებაში დასაქმებული ნებისმიერი თანამშრომლის უფლებების დაცვის გარანტი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია რიგგარეშე სხდომის მოწვევა. აქვე მინდა მოვუწოდო ოპოზიციონერ კოლეგებს, ნუ მოახდენენ მსგავსი ტიპის საკითხების პოლიტიზირებას „- აცხადებს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები