აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი თბილისის საქალაქო სასამართლოს ეწვია

თბილისის საქალაქო სასამართლოს ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების განმხილველ მოსამართლეებს ეკატერინე გაბრიჩიძესა და ეკა არეშიძეს აშშ-ს საელჩოს იურიდიულ საკითხთა მრჩეველი მაიკლ გრანტი შეხვდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში შესული ცვლილებები, რომელიც ამოქმედდა 2017 წლის 1 იანვრიდან.
ცვლილებები შეეხება ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ტერიტორიული განსჯადობის გაფართოებას, კერძოდ, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოები თბილისისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების გარდა შეიქმნა ბათუმისა და რუსთავის საქალაქო სასამართლოებში, ასევე ზუგდიდის, თელავისა და გორის სასამართლოებში, რომელთა სამოქმედო ტერიტორიები განისაზღვრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
ტერიტორიულ განსჯადობასთან ერთად, გაფართოვდა სისხლის სამართლის დანაშაულთა კატეგორიებიც, რომელიც ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განხილვას ექვემდებარება.
ცვლილებათა გათვალისწინებით, საქმეთა გაზრდილი ნაკადის გამო საჭირო გახდება მოსამართლეთა გადამზადება, ასევე ნაფიცი მსაჯულებისათვის მისაცემი ინსტრუქციების სისტემატიზაცია და საერთო სამუშაო პრინციპების დანერგვა.
შეხვედრაზე, მაიკლ გრანტმა სწორედ ზემოხსენებული ინსტრუქციების ამერიკული მოდელი შესთავაზა მოსამართლეებს და მოისმინა მათი აზრი ქართულ სასამართლო პროცესზე მათი იმპლემენტაციის თაობაზე.
შეხვედრის დასასრულს, გამოითქვა მზადყოფნა მომავალშიც გაიმართოს სამუშაო შეხვედრები და დაიგეგმოს ტრენინგები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის სრულყოფისათვის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები