არჩილ თალაკვაძე: „გაზპრომთან“ დაკავშირებით გამოთქმული უარყოფითი მოსაზრებები, იმის მცდელობაა, რომ საკითხმა პოლიტიკური ელფერი შეიძინოს

“გაზპრომთან“ მოლაპარაკებების პროცესში მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს ინტერესებს ემსახურება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
თალაკვაძის თქმით, „გაზპრომთან“ დაკავშირებით გამოთქმული უარყოფითი მოსაზრებები, იმის მცდელობაა, რომ საკითხმა პოლიტიკური ელფერი შეიძინოს.
“ჩვენ ამ საკითხზე ინფორმაცია გვაქვს იმ დოზით, რა დოზითაც ჩვენთვის იყო ხელმისაწვდომი. ვთვლი, რომ მიღებულია გონივრული და გააზრებული გადაწყვეტილება. სხვა რასაც ვისმენთ – მცდელობა იმისა, რომ საკითხმა პოლიტიკური ელფერი შეიძინოს, ვფიქრობ, ნაკლებად საინტერესოა“, – განუცხადა ჟურნალისტებს არჩილ თალაკვაძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კრიტიკულ პოზიციას და პარლამენტისადმი მიმართვას, თალაკვაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტი პარლამენტში მოხსენებით გამოვა, საკითხს დააყენებს და შეიძლება საზოგადოება დამატებითი დისკუსიის მომსწრე გახდეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ, ქართული მხარე “გაზპრომისგან“ გატარებული ბუნებრივი აირის მთლიანი მოცულობის 10%-ს იღებდა. წინა კვირას ცნობილი გახდა, რომ ქართული მხარე სომხეთში გაზის ტრანზიტის სანაცვლოდ “გაზპრომისგან“ ფულად ანაზღაურებას მიიღებს. ახალი ხელშეკრულება ორწლიანი იქნება, რომლის თანახმად, პირველ წელს ნაწილობრივ ისევ რჩება ნედლეულით ანაზღაურების ფორმა, ხოლო შემდგომი წლიდან ფულადი ანგარიშსწორება გაგრძელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები