“იკვეთება კლინიკები, სადაც ჩვენ მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირ ხარჯებისკენ”

ამ 4 წლის განმავლობაში, ჯანდაცვის სამინისტროს არც ერთხელ გამოუყენებია რეპრესიული მეთოდები, სამაგალითო დასჯები და არც მომავალში ვაპირებთ ამის გაკეთებას, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, ასეთმა მიდგომამ რიგ კლინიკებს შეუქმნა მცდარი მოლოდინები.
მისი თქმით, რიგმა კლინიკებმა საყოველთაო ჯანდაცვით გათვალისწინებული თანხები დახარჯეს მენეჯმენტის კეთილდღეობასა და დივიდენდებზე და მხოლოდ მცირედი ნაწილი მიმართეს მედპერსონალსა და პაციენტებზე.
როგორც სერგეენკომ წამყვანი კლინიკების ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ მიდგომას არ შეეგუება და ასეთ კლინიკებთან სამომავლოდ თანამშრომლობას არ გააგრძელებს.
სერგეენკოს თქმით, მისი უწყება მსგავს ფაქტებთან შეგუებას არ აპირებს.
”ანალიზის შედეგად დავინახეთ, რომ იკვეთება კლინიკები, ჩვენ მიერ გადახდილი თანხების უდიდესი ნაწილი მიემართება ე.წ. არაპირდაპირ ხარჯებისკენ, რაც არის მენეჯმენტის და მმართველების მოგება და მინიმალური ნაწილი მიემართება პაციენტის მოვლისკენ, ექიმების, ექთნების და მედპერსონალის ანაზღაურებისკენ, ვინც უშუალოდ უვლის პაციენტებს. ჩვენ, ვერ ვიქნებით ვერანაირად მომართულები, რომ ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ თანამშრომლობა. იკვეთება კლინიკები, რომლებმაც არარსებული ნონსენსი მოიფიქრეს და დააფუძნეს ისეთი ფრაგმენტული სერვისები, როგორც არის მაგალითად მხოლოდ რეანიმაციული განყოფილება – ქუჩიდან იღებენ პაციენტს და ქუჩაშივე უშვებენ. ასეთი ფრაგმენტული სერვისების მომწოდებლებთან ვერ ვიქნებით მომართულები, რომ გავაგრძელოთ ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო მოწესრიგებულად იხდის თანხებს და თავისთავად ცხადია, რომ არა ყველა მოთხოვნილ თანხას (ანალიზი კეთდება და რასაც ვთვლით, რომ არაჯეროვნად მოთხოვნილია თანხა, იმ ნაწილს ვაჩერებთ), იკვეთება სიტუაციები, როდესაც თითქმის 90% გადახდილია მოთხოვნილი თანხის, 10% დარჩენილია როგორც სადავო და კლინიკის მენეჯმენტი ამას იყენებს საფუძვლად, რომ ექიმებს და ექთნებს უთხრას, რომ სახელმწიფო არ გვიხდის ფულს და ამიტომ გიგვიანებთ ხელფასებს. ამ დროს, 90% გადახდილი გვაქვს და 10%-იც ძალიან მალე მოგვარდებოდა, რომ ამ კლინიკებთან საქმიანი ურთიერთთანამშრომლობა გვქონოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ვიქნებით მომართული ასეთ კლინიკებთან გავაგრძელოთ ისეთივე ურთიერთობები, როგორც იყო”, – განაცხადა სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები