დედის მკვლელობაში ბრალდებული: ლუბა და ომარ ყოჩიაშვილებმა 19 წლის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს

„ლუბა და ომარ ყოჩიაშვილები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 19 წლის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს“ – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში დედის, 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და მისი სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებაში ბრალდებულმა, 19 წლის ირმა ყოჩიაშვილმა განაცხადა.
ბრალდებულმა სასამართლო კოლეგიას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ იგი 19 წლის მანძილზე მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას განიცდიდა, რაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს.
როგორც ირმა ყოჩიაშვილმა პროცესზე დაკითხვისას აღნიშნა, იგი საპატიმროში ფიზიკა-ქიმიის განხრით წიგნს წერს, რომელსაც საფუძვლად დედის მკვლელობის შედეგად მიღებული ცოდნა დაედო.
„ეს ყველაფერი, ჩემი დათანხმებაც და ჩემი მოტივაციაც, რომ ამ მკვლელობაზე წავსულიყავი, განაპირობა იმან, რომ ლუბა და ომარ ყოჩიაშვილები იყვნენ ადამიანები, რომლებმაც 19 წლის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს, ყველანაირი გზითა და ყველანაირი ხერხით. რა თქმა უნდა, ასეთ რამეს არ ველოდებოდი. ციხეში ვარ ახლა და იმასაც ვაცნობიერებ, რომ ძალიან ბევრი წელი მემუქრება. ჩემი ცნობიერება, მიღებული გამოცდილებიდან, ფიზიკა-ქიმიის მიმართულებით გადაიხარა. ფიზიკა-ქიმიაზე ჩემი წიგნის მეორე ნაწილს ვწერ, მე ვიქნები ადამიანი, რომელიც ფიზიკასა და ქიმიის სფეროში დიდ გადატრიალებას მოახდენს. წინა პირობა იყო ამ კადრებისთვის მეყურებინა.
როდესაც დედამ და მამამ ბავშვი იშვილეს და ეუბნებიან ასეთ სიტყვებს: „შენ დედამიწაზე უნდა დადიოდე და ჩემი შვილი საფლავში უნდა იწვესო?“ – ადამიანები ვართ, გადაგვეკეტება და ვინ რას გააკეთებს, ღმერთმა არ იცის. ჩემი აზრით, ეს უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ 19 წლის განმავლობაში ამ ადამიანებისგან ჩემ მიმართ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა იყო“, – აღნიშნა ბრალდებულმა ირმა (მარიამ) ყოჩიაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ირმა ყოჩიაშვილი ლუბა და ომარ ყოჩიაშვილებმა 19 წლის წინ, საკუთარი შვილის გარდაცვალების შემდეგ იშვილეს. ოჯახს პირველი შვილი – 22 წლის გოგონა – ხანგრძლივი და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაეცვალა.
შს სამინისტრომ 76 წლის ქალის მკვლელობა 5 ნოემბერს გახსნა. მაშინ სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა – მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი მათი მეგობრები.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 76 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა. საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულებმა მოკლულის დანაწევრებული ორგანო ჯერ მაცივარში შეინახეს, შემდეგ კი შეჭამეს. დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები