ე.წ. კანიბალიზმის საქმის პროკურორი: ლუბა ყოჩიაშვილის შემდეგ იგეგმებოდა ომარ ყოჩიაშვილის „მოშორებაც“

ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულები 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის სასტიკი მკვლელობის შემდეგ, ომარ ყოჩიაშვილის მკვლელობასაც გეგმავდნენ. როგორც საქმის პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოში სასამართლო სხდომაზე განაცხადა, საქმის მასალებში არსებულ ბრალდებულების ჩვენებების თანახმად, დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ბრალდებულების მიერ ირმა ყოჩიაშვილის მამის მოშორებაც იგეგმებოდა.
„ნათლად ჩანს, ამ ყველაფრის უკან, რაც მოხდა – დანაშაულის დაფარვა, მისი არ გამოაშკარავება და სამწუხაროდ, იქ არის ფაქტები და საუბარი, ანუ საუბარია ბრალდებულ ირმა ყოჩიაშვილის მამაზე და მის მოშორებაზეც“, – აღნიშნა პროკურორმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და მისი სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებაში ბრალდებულმა ირმა ყოჩიაშვილმა დედის მკვლელობა აღიარა.
როგორც საქალაქო სასამართლოში გამართულ დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა ირმა ყოჩიაშვილმა აღნიშნა, იგი პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ სრულად ცნობს.
რაც შეეხება, საქმეზე მეორე ბრალდებულს, ბექა შენგელიას, იგი წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
“თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ვცნობ. მედავებიან ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენებას, რაც არ ჩამიდენია. ის აღარ იყო ცოცხალი და მისი დანაწევრება მოხდა გვამის გადაადგილების მიზნით და არა რაიმე რიტუალური მიზნებისთვის, რაზეც არის საუბარი. ეს განსაკუთრებული სისასტიკე არაა. კი, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული”, – აღნიშნა ბრალდებულმა.
შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ 76 წლის ქალის მკვლელობა 5 ნოემბერს გახსნა. მაშინ სამართალდამცავებმა 5 პირი დააკავეს. დაკავებულთაგან ერთი – 18 წლის გოგონა – მოკლულის შვილია, მეორე – გოგონას შეყვარებული, დანარჩენი 3 პირი კი – მათი მეგობარი.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამმა პირმა 70 წლამდე ქალი ელექტროშოკით გაგუდა, შემდეგ დანა ჩაარტყა, მოკლა და დაანაწევრა. დანაწევრებული გვამი გლდანში მდებარე გაუქმებულ ნაგავსაყრელზე ორი ჩანთით გაიტანეს, ბენზინი გადაასხეს და დაწვეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები