კადრები ე.წ. კანიბალიზმის საქმის სასამართლო პროცესიდან – „ჩემი ჩვენების ჩაწერა უკანონოდ მოხდა“ (ვიდეო)

76 წლის ლუბა ყოჩიაშვილის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბექა შენგელია მისი პირველი ჩვენების საქმიდან ამოღებას მოითხოვს. როგორც დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა შენგელიამ განაცხადა, დაკავებიდან რამდნიმე საათში, ის გამომძიებლებს გაესაუბრა, მათ კი მისი საუბარი ჩვენების სახით ჩაიწერეს. შენგელია ფიქრობს, რომ აღნიშნული ქმედებით, მისი უფლებები დაირღვა.
„გამომძიებლებთან გასაუბრების დროს ვთქვი, რომ მე გავაკეთე ეს ყველაფერი – სიმართლე რაც იყო, მაგრამ ამ ჩვენების მიცემა მოხდა გასაუბრების დროს და ზუსტად ეს გასაუბრების პროცესი ჩაიწერეს. ჩვენების ჩაწერა უკანონოდ მოხდა“, – განაცხადა ბექა შენგელიამ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე დაკავებულების წინასასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესს დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი და მისი მეგობარი ბექა შენგელია ესწრებოდნენ.
ირმა ყოჩიაშვილმა დღევანდელ პროცესზე ბრალი აღიარა. ჯამში, აღნიშნულ საქმეზე სულ 5 ადამიანია დაკავებული. საქმეში ასევე ფიგურირებს კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა, რომელსაც ბრალად დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობა ედება, თუმცა იმის გამო, რომ იგი არასრულწლოვანია, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
ასევე, ცალკე წარმოებად მიმდინარეობს იმ ორი დაკავებულის საქმის განხილვა, რომელთაც დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. მათი სასამართლო პროცესიც დღეს არის ჩანიშნული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები