არადეკლარირებული ქარვის თვლების და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, ერთი პირი დააკავა.
გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა საბაჟო-გამშვებ პუნქტ ,,წითელი ხიდის“ გავლით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, მას ტანსაცმელსა და ხელბარგში დეკლარირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები აღმოაჩნდა.
საგამოძიებო სამსახურის მიერ, ნივთმტკიცების სახით, ამოღებულია საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.