მაკა ჩიჩუას ძმის ადვოკატი: ის ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ იარაღიდან შეიძლებოდა გასროლა მომხდარიყო

საქართველოს პრეზიდენტის მეუღლის მაკა ჩიჩუას ძმა მიხეილ მგალობლიშვილი წარდგენილ ბრალდებას უარყოფს. დაცვის მხარე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავს.
„მისი გადმოცემით, მას რამოდენიმე დღით ადრე გარდაეცვალა მამა, სახლის დალაგების დროს აღმოაჩინა, რომ ალბათ მამის დანატოვარი იყო ძველი იარაღი, მე დავარქმევ რკინის ნაჭრებს როგორც თვითონ უწოდებს. მოგეხსენებათ, თვითონ არის მხატვარი, ხატავს ესკიზებს, მის ნახატებში არაორიგინალურად არის სხვადასხვა ნივთები გამოყენებული. მისი გადმოცემით უნდოდა, რომ დაეხატა ეს ესკიზები და იარაღიც გამოეყენებინა ამ მხატვრობაში. ის ვერ წარმოიდგენდა, თუ ამ იარაღიდან შეიძლებოდა გასროლა მომხდარიყო,”-განაცხადა მიქატაძემ.
რაც შეეხება კიდევ ერთ იარაღს, რომელიც როგორც ცნობილია, მგალობლიშვილის პირადი ჩხრეკისას აღმოაჩინეს, ადვოკატი შემდეგ კომენტარს აკეთებს:
„ამას ხსნის იმით, რომ ის იმყოფებოდა სახლში, მას სჭირდებოდა ტელეფონზე ფულის შეტანა, გავიდა სახლიდან მოიცვა ქურთუკი და თვითონ არც იცოდა, აღმოაჩნდა რომ შიგნით იარაღი იყო, ადასტურებს რომ ეს ნივთები არის მისი,“ – აცხადებს ზაზა მიქატაძე.
შსს-ს ინფორმაციით, მიხეილ მგალობლიშვილს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. როგორც სამინისტროში განმარტავენ, მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ 13 იანვარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები