ნინო გვენეტაძე: სასამართლოში მთავარი გამოწვევა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფაა

„სასამართლოში მთავარი გამოწვევა ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული მართლმსაჯულების უზრუნველყოფაა“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ მოსამართლეთა მე-19 კონფერენციის დაწყებამდე განაცხადა.
ნინო გვენეტაძის ინფორმაციით, მართლმსაჯულების სისტემაში ასევე გამოწვევად რჩება მოსამართლეთა საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფა, რომლებიც საქმეთა გაჭიანურების გარეშე, დროულ განხილვას უზრუნველყოფენ.
”რაც შეეხება იმ პრობლემებს, რომლებიც მუდმივად და ბუნებრივად ახლავს სამართალწარმოების პროცესებს, ეს იქნება, მაგრამ მათი ეფექტურად დაძლევის გზებზე მუშაობა 2017 წელსაც გაგრძელდება”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.
რაც შეეხება არასამთავრობო სექტორის კრიტიკას, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ და სასამართლოში პოლიტიკურ გავლენაზე საუბრებს, გვენეტაძის თქმით, პრობლემატურ არასამთავრობო სექტორთან მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.
”იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები ღია და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის და ასევე, ფართო საზოგადოებისთვის. ჩვენ მოვახერხეთ საბჭოს სხდომების პირდაპირი ტრანსლირების უზრუნველყოფა. მაშინ, როდესაც სხდომაზე დასწრების მსურველების რაოდენობა დიდია, ვფიქრობ, 2016 წელს ყველაზე ღია და გამჭვირვალე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭო. შესაძლებელი იყო საკმაოდ კრიტიკული პოზიციების მოსმენა და კონსენსუსამდე მისვლა, ეს პროცესი ბუნებრივია, გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს არასამთავრობო სექტორისა და ჩვენი პოზიციების დაახლოებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები