თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმას ვეტერანთა სამსახური სრულ მხარდაჭერას უცხადებს

თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს, ვლადიმერ იმნაძეს შეხვდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმები და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ლევან იზორიამ სტუმარს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გაუზიარა და მისი მოსაზრებები მოისმინა.
„მის მიერ, დადებითად იქნა შეფასებული, მოწონებული და მხარდაჭერილი რეფორმები, რომლებსაც ჩვენ თავდაცვის უწყებაში ვახორციელებთ. ჩვენ ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ვეტერანების მოსაზრებას. დავსახეთ თანამშრომლობის ძალიან კონკრეტული გეგმები. თავდაცვის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გააგრძელებს ინტენსიურ და აქტიურ თანამშრომლობას ვეტერანებთან“, – აღნიშნა ლევან იზორიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავის მხრივ, ვლადიმერ იმნაძემ მინისტრს რეორგანიზაციის პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა და შეხვედრა ვეტერანთა საკითხებზე საუბრით გაგრძელდა. ვლადიმერ იმნაძემ ლევან იზორიას ვეტერანთა პრობლემები გააცნო და მათ მოგვარებაში თავდაცვის უწყებასთან თანამშრომლობას გაუსვა ხაზი. მისივე შეფასებით, თავდაცვის მინისტრთან დღევანდელი შეხვედრა სამომავლო თანამშრომლობისა და ნდობის სრული გამოხატულებაა.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები