I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთშია

საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული ავღანეთში სრული შემადგენლობით უკვე ჩავიდა. ქვედანაყოფს მაზარ-ი-შარიფში, ბაზა “მარმალზე” ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი მურთაზ გუჯეჯიანი დახვდა და სამხედროებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით განხორციელება უსურვა.
თბილისიდან ჩასულ ქვედანაყოფს ბაზა „მარმალზე“ II ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეულის მეთაური, კაპიტანი ბაჩო გახარიაც მიესალმა. რამდენიმე დღეში I ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული II ქვეითი ბრიგადის ასეულს როტაციის წესით ჩაანაცვლებს და „მტკიცე მხარდაჭერის” მისიის შესრულებას, გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, შვიდი თვის განმავლობაში შეუდგება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარი ამოცანა ოპერაციის რაიონის კონტროლი და სწრაფი რეაგირების დავალებების შესრულება იქნება.
ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადება ქართველი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ჯერ საქართველოში, მანავში, სამი თვის განმავლობაში რეინჯერთა მომზადების სკოლაში გაიარა, შემდეგ კი, – ხუთი თვის განმავლობაში გერმანიაში, 37-ე ბრიგადის დისლოკაციის ადგილზე. ასეულის პირადი შემადგენლობის გადასროლისწინა წვრთნა გერმანიაში სამ ფაზად იყო დაყოფილი. სამხედროებმა ინდივიდუალური, ათეულის, ოცეულის და ასეულის დონის შემაჯამებელი სწავლებები გაიარეს, მათ შორის, სამედიცინო, საცეცხლე, საინჟინრო, კავშირგაბმულობა, ტაქტიკური სწავლება ყველა დონეზე და სწავლებაზე ორიენტირებული მეცადინეობებისთვის სამეთაურო რგოლის შეკრება. ასეულმა გერმანელი ინსტრუქტორების ზედამხედველობით ორჯერ ოცეულის და ასეულის დონის ტაქტიკური სწავლება განახორციელა, რომლის სცენარიც რეალურ სიტუაციასთან იყო მიახლოებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები