მაია რჩეულიშვილის ადვოკატები მოსამართლის დღევანდელ გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ
“მოსამართლემ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს პრაქტიკაში არასდროს მსმენია. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ, რა თქმა უნდა, სტრასბურგში გავასაჩივრებთ “, – ამის შესახებ „ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, მოსამართლემ, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ბრალდებულ მაია რჩეულიშვილს წაართვა კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვებში და საპროცესო მოქმედებებში.
“მოსამართლემ მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ჩემს პრაქტიკაში არასდროს მსმენია. მან პრაქტიკულად, მაია რჩეულიშვილს წაართვა კონსტიტუციური უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპროცესო მოქმედებებში. ამ გადაწყვეტილებას ჩვენ, რა თქმა უნდა, სტრასბურგში გავასაჩივრებთ, ვინაიდან საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის უფლება მხოლოდ ჩვენი კონსტიტუციით არ არის გარანტირებული, ეს მოთხოვნა არის ევროპულ კონვენციაში. შესაბამისად, ჩვენი სარჩელის შემდეგ, ევროპული სასამართლოსგან ალბათ იქნება საკმაოდ მკაცრი რეკომენდაცია ბრალდებულის უფლების დარღვევის კუთხით”, – განაცხადა მარიამ ცუცქირიძემ.
რაც შეეხება მოწმის, “ცენტრ პოინტ აჭარას” მთავარი ბუღალტერის ჩვენებას, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ის არ იყო მაია რჩეულიშვილის მამხილებელი, რადგან მოწმეს არ უთქვამს, რომ მაია რჩეულიშვილი პირადად იღებდა თანხებს და საკუთარ ინტერესებს ახმარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, მაია შოშიაშვილმა არ დააკმაყოფილა დაცვისა და ბრალდებულ მაია რჩეულიშვილის შუამდგომლობა დღევანდელი სასამართლო პროცესის გადადებაზე და სასამართლო განხილვა ბრალდებულის მონაწილეობის გარეშე გააგრძელა. მაია რჩეულიშვილი კი ითხოვდა, რომ სასამართლო პროცესი მისი მონაწილეობის გარეშე არ ჩატარებულიყო, რათა მოწმეების დაკითხვაში მასაც მიეღო მონაწილეობა. შეგახსენებთ, რომ დღევანდელ პროცესზე “ცენტრ პოინტ აჭარას“ მთავარი ბუღალტერი დინა სიდამონიძე მოწმის სახით დაიკითხა.
„დაახლოებით 17 მილიონი გაიტანეს. ამ თანხიდან გურამ რჩეულიშვილმა ნაკლები თანხა გაიტანა, დანარჩენი თანხა კი – მაია რჩეულიშვილმა. ამ თანხებით ხდებოდა შეძენა სხვადასხვა ადგილებზე მიწების და ასევე, ხმარდებოდა სხვადასხვა ობიექტების, მათ შორის რესტორნის მშენებლობას”, – განაცხადა დინა სიდამონიძემ.