ბრალდების მხარე განჩინების ჩაბარების შემდეგ გადაწყვეტს, გაასაჩივრებს თუ არა რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას

პროკურატურამ, შესაძლოა, რატი გაჩეჩილაძესთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივროს.
სახელმწიფო ბრალდება რატი გაჩეჩილაძისთვის აღმკვეთ ღონისძიებად 5000-ლარიანი გირაოს გამოყენებას ითხოვდა, თუმცა პროკურატურის შუამდგომლობაში მითითებული იყო, რომ გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით უნდა ყოფილიყო, ანუ ბრალდებას სურდა, რომ გაჩეჩილაძეს, გირაოსთან ერთად, ციხეში რამდენიმე დღეც გაეტარებინა.
ბრალდების მხარე ასევე არ იზიარებს მოსამართლე კერატიშვილის შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ რატი გაჩეჩილაძე უკანონო პატიმარი იყო.
„სახელმწიფო ბრალდებას მიაჩნია, რომ ბრალდებულის დაკავება მოხდა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, მივიღებთ სასამართლოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას – განჩინებას და მას შემდეგ გადავწყვეტთ, თუ როგორ ვიმოქმედოთ“, – განაცხადა პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ.
რაც შეეხება მოტივაციას, ბრალდების მხარის თქმით, ეს იყო პირადი მოტივით ჩადენილი ქმედება.
“ამ ეტაპზე, როგორც ბრალდების ფორმულირებაშია დაფიქსირებული, იყო პირადი მოტივი და არ არის ეს დაკავშირებული დაზარალებულის, როგორც ამჟამინდელ საზოგადოებრივ, ასევე მის მანამდელ საზოგადოებრივ საქმიანობასთან“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
შეგახსენებთ, რომ „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას ცემაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს 5-ათასლარიანი გირაო შეეფარდა, აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.
მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ბრალდების მოთხოვნა, თუმცა ბრალდებულს გირაო პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე შეუფარდა.
სხდომის დასრულების შემდეგ, რატი გაჩეჩილაძე დარბაზიდან გაათავისუფლეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები