ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა – „შსს ყველაფერს სწორად აკეთებს“

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკითხვა დასრულდა. როგორც გვარამიამ დაკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, მასზე ჯგუფური თავდასხმა განხორციელდა. მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ოპერატიულად და კეთილსინდისიერად მუშაობს.
“თავდამსხმელი არ იყო მარტო, ეს იყო ჯგუფური თავდასხმა, როდესაც ის ამბობს, რომ მარტო იყო, ამით ვიღაცას კი არ აფარებს ხელს, საკუთარი თავის გამოძვრენას ცდილობს, რადგან ჯგუფური თავდასხმა დამამძიმებელი გარემოებაა და გაცილებით უფრო მაღალი სასჯელია მისთვის. იქ იყო 2 ადამიანი, ერთი მე დამესხა თავს, მეორე ჩემს მეგობარს.
შსს ოპერატიულად, პროფესიულად, კეთილსინდისიერად იქცევა. ყველაფერს სწორად აკეთებს. ერთადერთი, რაც დარჩა, არის დამნაშავის დაკავება და პროკურატურის მხრიდან შესაბამისი სასჯელის მოთხოვნა. ეს იყო ორგანიზებული, ძალადობრივი დანაშაული. დამნაშავესთან შერიგებას ან კომუნიკაციას არ ვაპირებ,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი სამედიცინო ექსპერტიზის ჩასატარებლად გაემგზავრა.
ნიკა გვარამიაზე თავდასხმა რესტორან “დაინინგ რუმში” მოხდა. როგორც ცნობილია, ცოტა ხნის წინ რატი გაჩეჩილაძემ სოციალური ქსელით გაავრცელა ინფორმაცია და აღიარა, რომ გვარამიას თავს ის დაესხა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით აღიძრა, რაც ძალადობას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 1-3 წლამდე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები