ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივი მაუწყებელი არ განიცდის არანაირ პოლიტიკურ ზეგავლენას

საზოგადოებრივი მაუწყებელი არ განიცდის არანაირ პოლიტიკურ ზეგავლენას, მაგრამ სრულად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც არის საზოგადოების მოთხოვნილება, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორობის კანდიდატმა ვასილ მაღლაფერიძემ სამეურვეო საბჭოსთან გასაუბრებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება თუ მოინდომებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა ტელევიზია მოექცია საკუთარი გავლენის ქვეშ, ეს იქნებოდა ფუჭი, რადგან აღნიშნულ მცდელობას მოსახლეობა დაუპირისპირდებოდა.
”ბოლო დღეებში არაერთხელ გაისმა პოლიტიკური დამოუკიდებლობის საკითხი. ეს ბუნებრივია, აღელვებს საზოგადოებასაც, ბორდის წევრებსაც და ყველას, რადგან საზოგადოებრივი მაუწყებელი არ არის პოლიტიკური და კომერციული ინტერესებით მოქმედი ტელევიზია. მე ვფიქრობ და ამას აჩვენებს პრაქტიკა, რომ ჩვენ ეს თემა უნდა დავაფუძნოთ არა სუბიექტურ მომენტებზე, არამედ ძალიან მდგრად საზომზე – ნდობაზე. დღეს, ჩემი ხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი არ განიცდის არანაირ პოლიტიკურ ზეგავლენას, მაგრამ სრულად ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც არის საზოგადოების მოთხოვნილება. ხელისუფლება თუ მოინდომებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ან სხვა ტელევიზია მოექცია საკუთარი გავლენის ქვეშ და ექცია საკუთარ რუპორად, ეს იქნებოდა ფუჭი, რადგან ზუსტად 3 თვეში აქედან დარჩებოდა არაფერი, იმიტომ, რომ ამას დაუპირისპირდებოდა მოსახლეობა”, – განაცხადა მაღლაფერიძემ.
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოცხადებული ღია კონკურსის მეორე ტურში 5 კანდიდატი გადავიდა. საბოლოო კენჭისყრა კი ხვალ, 6 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები