ტრაპმი ამერიკული დაზვერვის რეფორმირებას აპირებს

აშშ–ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეერთებული შტატების დაზვერვის ნაციონალური სამსახურის და სხვა სპეცსამსახურების რეფორმირებას აპირებს. ამის შესახებ გამოცემა The Wall Street Journal ტრამპის გარემოცვაზე დაყრდნობით იუწყება.
ტრამპს მიაჩნია, რომ დაზვერვის სამსახური პოლიტიზირებული ორგანოა და მისი შტატი არის ძალზე „გაბერილი“. ასევე დონალდ ტრამპი ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის (CIA) რესტრუქტურიზაციას გეგმავს, რაც ვირჯინიის შტატში, სამსახურის შტაბ–ბინაში  მომუშავე პერსონალის შემცირებას და მსოფლიოში მისი აგენტების რაოდენობის გაზრდას ითვალისწინებს.
გამოცემის ინფორმაციით, ამ უწყებების რეფორმირებაში პენტაგონის დაზვერვის ყოფილი უფროსი მაიკლ ფლინი მონაწილეობს, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციაში ეროვნული უშიშროების საკითხებში მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს. ასევე რეფორმირების პროცესში ცენტრალური სადაზვერვო სამსახურის დირექტორობის კანდიდატი მაიკ პომპეოც მონაწილეობს.
ტრამპმა ამერიკული სპეცსამსახურების მუშაობა არაერთხელ გააკრიტიკა. მისი თქმით, 2003 წელს სწორედ დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით შეერთებულმა შტატებმა ერაყში ჯარი შეიყვანა, ხოლო რუსეთის მხრიდან განხორციელებულ კიბერშეტევებზე ამ უწყებებს დამამტკიცებელი საბუთები დღემდე არ წარმოუდგენიათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები