“2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7.6 პროცენტით გაიზარდა”

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ 2016 წლის სტატისტიკა შეაჯამა და განაცხადა, რომ 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს, საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 7.6 პროცენტით გაიზარდა.
როგორც ჩოგოვაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 2015 წელთან შედარებით 449 731-ით მეტია. ( ზრდა+7.6%).
მისივე თქმით, 2016 წელს 19%-ით გაიზარდა იმ საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა, რომლებმაც საქართველოში 24 საათი და მეტი დაჰყვეს და მათმა რაოდენობამ 2 714 773 შეადგინა, რაც 432 802-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
ჩოგოვაძის განცხადებით, 2016 წელს საქართველოში მოგზაურთა საუკეთესო ტოპ-ხუთეული ასე გამოიყურება: აზერბაიჯანი 1 523 075 (+9.3%), სომხეთი 1 496 246 (+1.9%), თურქეთი 1 254 089 (-9.9%), რუსეთი 1 037 564 (+12.0%) და უკრაინა 172 631 (+21.8%).
„აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობამ პირველად გადააჭარბა მილიონს. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-დეკემბრის პერიოდში გამოირჩეოდნენ ლატვია +24%, ლიტვა +16%, ჩეხეთი +15%, ბულგარეთი +12% და გერმანია +11%. განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება შემდეგი ქვეყნებიდან ირანი (+485%), ინდოეთი (+199%), საუდის არაბეთი (+116%), ფილიპინები (+89%), ომანი (+75%) და ჩინეთი (+46%)”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაიზარდა შემოსავლები საერთაშორისო ტურიზმიდან. 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.7 მილიარდ (1 684 914 617) აშშ დოლარს (ზრდა +11.7), რაც 177 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმიდან შემოსავალი 2016 წლის საბოლოო მონაცემებით 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბებს.
როგორც ჩოგოვაძემ აღნიშნა, 2016 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 7.3% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%.
,,2016 წლის თერთმეტი თვის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადახდო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1 479 633 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +10.1%-იანი ზრდა დაფიქსირდა”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები