სერგო რატიანი: ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ 20 იანვარს დაგეგმილი პარტიის ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით, შესაბამისად, ის ვერ იქნება ლეგიტიმური და ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
პარტიაში განმარტავენ, რომ დღეს ენმ-ის აღმასრულებელმა მდივანმა სერგო რატიანმა შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა პარტიის რაიონული და საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელებს:
“2016 წლის 30 ნოემბერს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება 2017 წლის 20 იანვარს პარტიის ყრილობის გამართვის თაობაზე.
ყრილობის ორგანიზებისთვის პოლიტიკურ საბჭოს უნდა განესაზღვრა სპეციალური კომისიის შემადგენლობა, რაც არ მომხდარა, შესაბამისად, ყრილობის ორგანიზება შევიდა იურიდიულ ჩიხში.
ჩვენთვის ცნობილია, რომ პარტიის რაიონული ორგანიზაციების ზოგიერთი თავმჯდომარე აპირებს დელეგატთა შესარჩევად კონფერენციების მოწვევას, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ კონფერენციის ჩატარების წესი არ არის განსაზღვრული პარტიის წესდებით, აგრეთვე პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელზეც უნდა გაწერილიყო კონფერენციების ორგანიზების წესი – არ შედგა, შესაბამისად, არალეგიტიმურად ჩატარებული კონფერენცია არ იქნება უფლებამოსილი და იურიდიული ძალის მქონე.
კონფერენციების გარდა, სამართლებრივად აგრეთვე დაურეგულირებელია, თუ როგორ დგება ყრილობის დღის წესრიგი და როგორ განისაზღვრება ყრილობაზე ხმის მიცემისა და დათვლის პროცედურა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ყრილობის საორგანიზაციო მთელი პროცესი მიმდინარეობს წესების დარღვევით, შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ვერ იქნება ლეგიტიმური და მას ვერ ექნება პარტიისთვის სამართლებრივი შედეგები”, – აღნიშნულია წერილში.