„თბილისის მერია ახალი ამბების მომსახურებაში 600 ათას ლარს ხარჯავს“
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი, კანონი თავისუფლების“ თავმჯდომარე თბილისის მერიას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. გიორგი ჯულუხიძე აუდიტის სამსახურს მერიის საქმიანობით დაინტერესებას ურჩევს. როგორც გიორგი ჯულუხიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თბილისის მერია 600 000 ლარს ახალი ამბების მომსახურებასა და სარეკლამო კლიპების განთავსებაში ხარჯავს. მისი თქმით, ორგანიზაციამ განახორციელა მოკვლევა, რომლის საფუძველზეც დადგინდა, რომ 565 000 ლარიდან, რომელიც სარეკლამო კლიპების განთავსებაზეა მიმართული, 52 917 ლარის რეკლამა უკვე განთავსებულია ტელეკომპანიებში – “რუსთავი 2”, “იმედი” და “მაესტრო”. ჭულუხაძის ინფორმაციით, “რუსთავი 2”-ზე რეკლამის განთავსების ბიუჯეტი 24 735 ლარს, “იმედზე” – 21 969 ლარს, ხოლო “მაესტროზე” – 6 213 ლარს შეადგენს. ხელშეკრულების შემსრულებელია შპს “თბს ტვ სტუდია”. ხელშეკრულება ძალაში 10 იანვარს შევიდა და მისი მოქმედების ვადა 31 დეკემბრამდეა. “სარეკლამო რგოლი, რომელიც სამივე არხზე საინფორმაციო გამოშვების დროს გადის ეთერში, ქალაქში მოსალოდნელი საფრთხეების წარმოჩენას ემსახურება. თბილისის მერია სარეკლამო რგოლით მოსახლეობას ამზადებს, რომ ქალაქში უახლოეს მომავალში შეიქმნება სხვადასხვა პრობლემა, ნაცვლად იმისა, რომ 53 000 ლარი დედაქალაქის დასუფთავებას და სხვა საკითხებს მოახმაროს”, – აღნიშნა ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. მისივე თქმით, თბილისის მერიას ამ მომენტისთვის გამოცხადებული აქვს ტენდერი, რომელიც ითვალისწინებს თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრის “ბიგ ბენდისთვის” სხვადასხვა აპარატურისა და აქსესუარების შესყიდვას. ამ აპარატურის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 194 270 ლარს შეადგენს. “ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ავტობუსების ტენდერის შეჩერება, რომელმაც როგორც თბილისელებს, ასევე თავად ამ ტენდერში მონაწილე ბიზნესკომპანიებს შეუქმნა პრობლემები, დედაქალაქის მოსახლეობის აღშფოთებას ემსახურება. მიგვაჩნია, რომ თბილისის მერიის საქმიანობა საჭიროებს დაუყოვნებლივ შესწავლას, რათა დედაქალაქის მთავრობას თანხების არამიზნობრივად განკარგვის საშუალება არ მიეცეს”, – აღნიშნა გიორგი ჭულუხაძემ. ორგანიზაცია მოუწოდებს აუდიტის სამსახურს, დაინტერესდეს თბილისის მერიის საქმიანობით. “ჩვენ მზად ვართ, დაინტერესების შემთხვევაში, ტენდერებზე ყველა ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია დოკუმენტალურად მივაწოდოთ აუდიტის სამსახურს და ყველა დაინტერესებულ მხარეს”, – აღნიშნა მან.