შსს-მ „გირჩის“ ოფისში მარიხუანას დათესვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შს სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე, კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოძიება დაიწყო. როგორც შსს-ში აცხადებენ, 2016 წლის 31 დეკემბერს „გირჩის“ ოფისში, ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრებმა, მოხალისეებთან ერთად, საჯაროდ, მათ მიერვე დაანონსებული, წინასწარი ინფორმაციის თანახმად, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე დათესეს.
„გამოძიება ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 265-ე მუხლით). პოლიცია შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
„გირჩის“ თავმჯდომარემ ზურაბ ჯაფარიძემ აქტივისტებთან ერთად პარტიის ოფისში კანაფი დათესა.
როგორც ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, „გირჩმა“ ახალ ხელისუფლებას ულტიმატუმი თვე ნახევრის წინ წაუყენა და სთხოვა, რომ ახალ წლამდე საქართველოში ნარკოპოლიტიკა შეეცვალა, კერძოდ კი, მომხდარიყო ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარების დეკრიმინალიზაცია და მარიხუანის ლეგალიზაცია, თუმცა „ხელისუფლებამ ცვლილებები არ გაატარა და არც აპირებენ“.
„დღეს „გირჩის“ წევრები და ჩვენთან შეკრებული ადამიანები, რიგითი მოქალაქეების საჯაროდ დავარღვევთ „სისხლის სამართლის კოდქსის“ 265-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს პატიმრობას 12 წლამდე და ჩვენთან ოფისში საჯაროდ დავთესავთ მარიხუანას. ჩვენთვის ეს არის თავისუფლებისთვის ბრძოლა. ეს არ არის მარიხუანის მოწევისთვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისთვის, რომ ადამიანის სხეული არის მისი ნომერ პირველი საკუთარება და სახელმწიფოს საქმე არ არის ადამიანი თავის სხეულს რას უზმას, მათ შორის, არც იმ შემთხვევაში, თუ საკუთარ სხეულს ზიანს აყენებს. რაც აქ ხდება, არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი, რომლის მსგავსიც მსოფლიოს არაერთი ახსოვს. დარწმუნებული ვართ. რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ და დასძინა, რომ კანაფის თესლი ოტობაიადან ჩამოიტანა.