შემოსავლების სამსახური ”რუსთავი 2”-თან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

”რუსთავი 2”-ის მიერ სახელმწიფოს წინაშე არსებულ საგადასახადო დავალიანებასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტებას ავრცელებს.
როგორც შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2″-ის საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2 027 303 ლარს. ამ ეტაპზე, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები გატარებული არ არის.
”ამასთან, გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ: დღეს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური არის უწყება, რომელიც, ერთი მხრივ, ორიენტირებულია კანონის მოთხოვნათა აღსრულებაზე, მეორე მხრივ, ბიზნესის განვითარების ხელშეწყობაზე, შესაბამისად, საგადასახადო ვალდებულებების შესრულების პროცესში წარმოშობილი პრობლემების გადაჭრისას, კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების სრული დაცვით, მაქსიმალურად ვითვალისწინებთ გადასახადების გადამხდელთა ინტერესებს.
აღნიშნული პრინციპების გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”- ს თავად კომპანიის მიერ წარდგენილი ოფიციალური წერილების საფუძველზე, სამჯერ გადაუვადა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის ვადა.
შპს „სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-მა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს პირველი ოფიციალური წერილით მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს მომართა და ითხოვა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა 22 ოქტომბრამდე არ განხორციელებულიყო. აღსანიშნავია, რომ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2-ის“ მიერვე დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენდა 481 869 ლარს. საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, გადამხდელის ეს თხოვნა დაკმაყოფილდა. კომპანიამ აღნიშნული საგადასახადო დავალიანება დაფარა.
გადამხდელმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს, ასევე, ოფიციალური წერილის საფუძველზე იგივე თხოვნით 2016 წლის 17 ნოემბერს მომართა და ვადის გადაწევა 26 ნოემბრამდე მოითხოვა. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით, მოთხოვნა კვლავ დაკმაყოფილდა, თუმცა ამჯერად, სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2” – მა მითითებულ ვადაში საგადასახადო დავალიანება ვერ დაფარა.
მესამედ, სამაუწყებლო კომპანიამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს წერილით 2016 წლის 28 ნოემბერს მომართა და მოითხოვა საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა არ განხორციელებულიყო 2016 წლის 10 დეკემბრამდე. საქართველოს ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილებით მოთხოვნა კიდევ ერთხელ დაკმაყოფილდა. შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის მიერ აღნიშნული დავალიანება არ დაფარულა და 15 დეკემბერს, კომპანიას დაერიცხა ახალი ვალდებულებები. სწორედ ამ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ამ ეტაპზე, კომპანიის დეკლარირებული საგადასახადო დავალიანება შეადგენს 2 027 303 ლარს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ უწყებამ სამივე შემთხვევაში იმოქმედა კანონმდებლობის სრული დაცვით და იმისთვის, რომ არ შეფერხებულიყო გადამხდელის საქმიანობა, არ განახორციელა შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის 29 დეკემბერს, შპს სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“-მა იგივე შინაარსის მოთხოვნა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საშუალებით, საჯაროდ გაავრცელა. თუმცა, ამ შემთხვევაში გადამხდელს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისთვის, ოფიციალური წერილით არ მოუმართავს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აცნობიერებს მედიის როლს ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების განვითარების საქმეში. ამავე დროს, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს სახელმწიფოს კუთვნილი გადასახადების მობილიზება, ამასთან, დაიცვას თითოეული კეთილსინდისიერი გადამხდელის ინტერესი. რაც იმას ნიშნავს, რომ დაუშვებელია არსებობდნენ პრივილეგირებული გადასახადის გადამხდელები, რომლებზეც არ გავრცელდება საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური იმოქმედებს მხოლოდ კანონის ფარგლებში. შესაბამისად, თუ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს მომართავს ოფიციალური წერილით, როგორც ამას ითვალისწინებს კანონმდებლობა და წარმოადგენს საგადასახადო დავალიანების დაფარვის ზუსტ გრაფიკს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გამოთქვამს მზადყოფნას, განიხილოს გადამხდელის მიერ წარმოდგენილი წინადადებები და იმსჯელოს სახელმწიფოს წინაშე არსებული საგადასახადო ვალდებულებების დასაფარად, კომპანიის საბანკო ანგარიშებზე საინკასო დავალებების წარდგენის ვადის გადავადების თაობაზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები