ლუკა კურტანიძე: პარლამენტი მუშაობს იმაზე, რომ სოციალურ ქსელში ცილისმწამებლური განცხადებები დასჯადი იყოს

მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში, პარტია „ქართული ოცნების“ წევრს, ლუკა კურტანიძეს მიაჩნია, რომ სოციალური ქსელები ინფორმაციის მისაღებად და გასავრცელებლად საკმაოდ კომფორტული საშუალებაა. მით უმეტეს, რომ ამ გზით, ადამიანები თავიანთ შეხედულებებსაც გამოხატავენ. თუმცა, “კიბერ კვირასთან” საუბრისას კურტანიძე სოციალურ ქსელში ყალბი ანგარიშების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს საკმაოდ დიდი პრობლემაა.

„ზოგჯერ ფეისბუქზე საზოგადოებას ჩემს აზრს და დამოკიდებულებებს ვუზიარებ, თუმცა არა ისეთი სიხშირით, რომ ამას ყოველდღიური ან საათობრივი სახე ჰქონდეს. სოციალური ქსელი თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალებაა და დემოკრატიულ ქვეყანაში ამის უფლება ყველას აქვს. რა თქმა უნდა, დადებით მხარესთან ერთად, მას უარყოფითიც გააჩნია, მაგალითად-ყალბი ანგარიშები. ვფიქრობ, რომ თუკი ადამიანი გულწრფელია, დასამალი არაფერი აქვს და ფარულ მიზნებს არ ემსახურება, თავის მოსაზრებას საკუთარი სახელითა და გვარით უნდა გამოთქვამდეს. ასე უფრო საინტერესო და უკეთესი იქნებოდა,“- აღნიშნავს ლუკა კურტანიძე.
მისივე თქმით, ყალბი ანგარიშებიდან ადამიანები ხშირად სოციალური ქსელის სხვა მომხმარებლების მიმართ შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს ავრცელებენ, რაც უნდა დაისაჯოს.
„მართალია, სოციალურ ქსელში უსიამოვნო შემთხვევებიც მქონია, თუმცა გარკვეული ჩარჩოების ფარგლებში… ალბათ, ისე ვცხოვრობ, რომ ზედმეტი ნეგატივი არ მივიღო.სოციალურ ქსელში ცილისმწამებლური განცხადებები და ადამიანების დისკრედიტაცია დასჯადი უნდა იყოს და პარალამენტი მუშაობს ამ საკითხზე. ადამიანი ამ ყველაფრისგან სახელმწიფოში დაცული უნდა იყოს. ხელისუფლება იმის გარანტია, რომ პიროვნებას აზრის გამოთქმისა და პროსტესტის გაოხატვისთვის არ გადევნიან. მე, უბრალოდ, საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ იყვნენ უფრო ღია და გამჭვირვალე ონლაინსივრცეში,“ – აცხადებს „ქართული ოცნების“ წევრი.
რაც შეეხება, ზოგადად, კიბერუსაფრთხოებას, ლუკა კურტანიძის განცხადებით, ეს ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და ხელისუფლება მის გაუმჯობესებაზე აქტიურად მუშაობს.
„კიბერუსაფრთხოება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტული საკითხია. როდესაც პარლამენტში უშიშროებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრი ვიყავი, მაშინაც აქტიურად განვიხილავდით ამ საკითხს და როგორც ახლა, ადრეც ვცდილობდით, წინ გადაგვედგა ნაბიჯები. ტექნოლოგიური სიახლეები სწრაფად ვითარდება და ჩვენც არ უნდა ჩამოვრჩეთ ამ პროცესს. ყოველდღიური მუშაობაა საჭირო. რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები ვართ, ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ამ მხრივ არსებული ვითარება,“- განმარტავს ლუკა კურტანიძე.
წყარო: cyber.kvira.ge

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები