ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი მომავალი სწორედ ერთიან ევროპულ საქართველოშია

საქართველოს მთავრობას აქვს გეგმა, კიდევ უფრო მეტი და დინამიური ნაბიჯები გადადგას სამშვიდობო პროცესში, ჩვენი ხალხების კონფლიქტით დაშორიშორებული საზოგადოების დაახლოების და ხალხთაშორის ურთიერთობების წახალისების მიმართულებით – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 2016 წლის მუშაობის შეჯამებისას განუცხადა.
ციხელაშვილმა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გაერთიანებისკენ დაგეგმილი ნაბიჯები დაასახელა, აქცენტი მინისტრმა აფხაზეთსა და ცხინვალის მოსახლეობაზე გააკეთა.
„პირველ რიგში ეს არის ჩვენი ხალხის გაერთიანება და ამავდროულად ევროპული სახელმწიფოს მშენებლობა იმიტომ, რომ ჩვენი მომავალი სწორედ ერთიან ევროპულ საქართველოშია. ჩვენ ძალიან საქმიან ნაბიჯებს ვდგამთ იმისთვის, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის მოსახლეობამ მიიღოს ის სარგებელი, რაც ხელმისაწვდომი ხდება საქართველოს დანარჩენი მოქალაქეებისთვის, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის ფორმატიდან გამომდინარე“, – განაცხადა ციხელაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს არის ვიზის ლიბერალიზაცია, განათლების უკეთესი პროგრამები და მომავალში უკეთესი პერსპექტივები.
„ეს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გვინდა, რომ საქმით დავამტკიცოთ და ხელი შევუწყოთ საერთო ინტერესებზე დაფუძნებულ თანამშრომლობას ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი სამინისტროს 2016 წლის მუშაობას მედიასთან და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წარმომადგენლებს აცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები