ირაკლი კობახიძე: საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა გაბერილია და ეს არის რთული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა

“საჯარო სამსახურში თანამშრომელთა ოპტიმიზაციის პროცესი წარიმართება ძალიან სამართლიანად და კორექტულად“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „ტვ პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, საჯარო სამსახურებში ოპტიმიზაციის საჭიროება არსებობდა. როგორც კობახიძემ აღნიშნა, აღნიშნული მოთხოვნა თავის დროზე ოპოზიციასაც ჰქონდა.
ამასთან, კობახიძე მიიჩნევს, რომ საჯარო სამსახურში თანამშრომელთა რიცხვი ხელოვნურად არის გაზრდილი, რაც ახალ ხელისუფლებას მემკვიდრეობით 2012 წლიდან ერგო.
„საჯარო სამსახურში ოპტიმიზაციის საჭიროება არსებობდა და ამაზე ოპოზიციაც ძალიან აქტიურად საუბრობდა. ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ოპოზიციისა იყო სწორედ საჯარო სამსახურში ხარჯების შემცირება. აქ საუბარი არ არის 10 პროცენტით თანამშრომელთა შემცირებაზე, საუბარია მთლიანად ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე 10 პროცენტით, რაც სხვადასხვა მიმართულებით უნდა განხორციელდეს.
ჩვენ ვიცით, რომ ნამდვილად არის გაბერილი საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა, რომელიც არის ის რთული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენ დაგვხვდა 2012 წელს.
2012 წლამდე საჯარო სამსახურს ბევრი სხვა ფუნქცია ჰქონდა შეთავსებული, გარდა იმ კლასიკური ფუნქციისა, რაც არის დამახასიათებელი საჯარო სამსახურისთვის. სრული მასშტაბით ოპტიმიზაციის განხორციელება გამორიცხულია იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ იდეალური სურათი. ოპტიმიზაციის თვალსაზრისით უნდა გადაიდგას ნაბიჯები. მე იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი წარიმართება ძალიან სამართლიანად და კორექტულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის აზრით, საჯარო სამსახურის სისტემა უნდა დაიხვეწოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები