ალექსანდრე ჯეჯელავა: განათლების სფეროს ყველა მიმართულებით, 2016 წელი იყო ძალიან დადებითი

„განათლების სფეროს ყველა მიმართულებით, 2016 წელი იყო ძალიან დადებითი, გვაქვს ახალი კანონი, რომელიც სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია. სკოლაში გვაქვს პირველიდან მეექვსე კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელიც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია”, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მინისტრმა იმ პროცესებზე ისაუბრა, რომლებიც სკოლების ინვენტარიზაციისთვის მომავალი წლის ბიუჯეტში იგეგმება. ალექსანდრე ჯეჯელავა აქცენტს განათლებაზე ორიენტირებულ პედაგოგებზე აკეთებს..
„ ახალ სახელმძღვანელოებზე მუშაობის პროცესი დაწყებულია, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. მასწავლებლებთან მიმართებაში, სქემა დავხვეწეთ, განვავითარეთ და გავხადეთ განვითარებაზე ორიენტირებული. ვფიქრობ, რომ პროფესიული მიმართულებით, ძალიან კონკრეტული, გაზომვადი მიღწევები გვაქვს. სკოლის მიმართულებით, ასევე, გაუმჯობესებული გვაქვს შედეგები ზოგიერთი საერთაშორისო კვლევით. სადაც ჩვენ გვინდა ვიყოთ, ჯერ შორია, თუმცა რაღაცა პროგრესი ჩანს“, – განაცხადა ჯეჯელავამ.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, იზრდება ყურადღება პროფესიულ განათლებაზე და ეგრეთწოდებულ მეორად პროფესიებზე.
„ასევე, დუალური პროგრამით, წელს პირველად დაიწყო შემოდგომაზე სწავლა, ანუ ეს არის სწავლა და მუშაობა ერთდროულად. ესეც ძალიან სასიხარულოა. უმაღლესი სასწავლებლების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი გაუმჯობესება გვაქვს რეიტინგებში, სამეცნიერო კვლევების და სხვა გაზომვადი პარამეტრებით. გვაქვს გაუმჯობესება ინფრასტრუქტურის მიმართულებით“,- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მისივე ინფორმაციით, მეცნიერებაში ძალიან სასიხარულო და მნიშვნელოვანი ამბავია – საქართველოს გაერთიანება “ჰორიზონტი 2020” პროგრამაში. „ეს არის 77-მილიარდიანი ფონდი, საიდანაც პირველად ქართველ მეცნიერებს მიეცათ საშუალება, რომ კვლევით რესურსები, გრანტები მიიღონ, წელს უკვე წამოიღეს მილიონნახევარ ევროზე მეტის გრანტები, რაც არის ძალიან კარგი შედეგი“,-განაცხადა განათლების მინისტრმა.
ალექსანდრე ჯეჯელავამ იმ სკოლებზე ისაუბრა, რომლებიც 2016 წელს გაიხსნა.
„2017 წელი იქნება ძალიან დატვირთული სიახლეებით განათლების მიმართულებით. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ შედგა, უფრო დეტალური სამოქმედო გეგმის და დოკუმენტაციის პრეზენტაცია გვექნება სულ რამდენიმე დღეში.
ვფიქრობ, რომ 2017 წელი, ძალიან ბევრი მიმართულებით, იქნება მნიშვნელოვანი ცვლილებების წელი. ამბობენ, რომ განათლება ისეთი სფეროა, სადაც დღეს დათესილი ათი და ოცი წლის შემდეგ მოგვცემს შედეგს, ეს, რა თქმა უნდა, სიმართლეა, მაგრამ ხვალაც მოგვცემს შედეგს. გარწმუნებთ, რომ 2017 წელს გვექნება კონკრეტული გამარჯვებები, მიღწევები და შედეგები.
მომავალ წელს ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ. განათლება ნომერ პირველ პრიორიტეტად გამოაცხადა როგორც პრემიერ-მინისტრმა,ასევე ამ ინიციატივას შეუერთდა საქართველოს პრეზიდენტი. ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი აქტიურად გვიჭერს მხარს, რომ მომავალ წელს მაქსიმალური რესურსი ჩაიდოს და დაიხარჯოს განათლების მიმართულებით“,- განაცხადა ჯეჯელავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები