გიორგი კვირიკაშვილი: 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ

2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომავალ წელს აგარა-ზემო ოსიაურის და ზესტაფონი-ქუთაისის, ასევე ქობულეთის შემოვლითი გზა დასრულდება.
ამასთან, მისივე თქმით, 2017 წელს დაიწყება სამუშაოები შემდეგ ძირითად მონაკვეთებზე – ზემო ოსიაური-ჩუმათელეთის, სამტრედია–გრიგოლეთის, ბათუმის შემოვლითი, ხულო-ზარზმის, ბაღდათი-აბასთუმნის, ზემო იმერეთი-რაჭის, თუშეთის და ხევსურეთის გზები, ასევე, დევდორაკის გვირაბი.
რაც შეეხება ეკონომიკური რეფორმის მიმართულებას, პრემიერის განცხადებით, შეიქმნა მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი მოგების გადასახადით აღარ დაიბეგრება.
„ეკონომიკური რეფორმის მიმართულებით, რომელიც ორიენტირებულია კერძო სექტორის მაქსიმალურ წახალისებასა და მის გაძლიერებაზე, შეიქმნა მნიშვნელოვანი საგადასახადო სტიმულები – რეინვესტირების შემთხვევაში ბიზნესი აღარ დაიბეგრება მოგების გადასახადით.
ამით ბიზნესსექტორში დარჩება 600 მილიონამდე ლარი, რაც საშუალებას მოგვცემს, ეს თანხები მოხმარდეს გაფართოებას და შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები. ჩვენ უკვე განვახორციელეთ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ცვლილებები საგადასახადო კანონმდებლობაში. საგადასახადო გარემო ბიზნესის მიმართ გახდება კიდევ უფრო მეგობრული და მაქსიმალურად წაახალისებს ინვესტიციებს.
ჩვენ ისევ გავაგრძელებთ და გავაფართოებთ ყველა იმ პროგრამას, რომლებიც ხელს შეუწყობს მეწარმეებს, დამწყებ ბიზნესს, ინოვაციურ ბიზნესპროექტებს – ეს არის პროგრამა ,,აწარმოე საქართველოში”, აგროკრედიტებისა და აგროდახმარების პროგრამები, ,,სტარტაპების” დაფინანსება და ა.შ. ჩვენ უკვე სახეზე გვაქვს კონკრეტული შედეგები – პროგრამაში „აწარმოე საქართველოში” ჩართულ 10 კომპანიაზე, რომელიც სრული სტატისტიკური კანონზომიერებების ამსახველი შერჩევის შედეგად შეირჩა, სუბსიდიის სახით სახელმწიფოსგან გაცემულია 5 289 00 ლარი და მათი საქმიანობის 2 წლის განმავლობაში, გადასახადების სახით უკვე შემოტანილია 5 090 000 ლარი. შეიქმნა 313 ახალი სამუშაო ადგილი, რაც იმას გულისხმობს, რომ მას შემდეგ, რაც სუბსიდია შეწყდება, რა თქმა უნდა, ეს გადასახადი იქნება წმინდა შემოსავალი ბიუჯეტში და დასაქმებულები დარჩებიან დასაქმებულებად.
ეს არის ძალიან კარგი ეფექტი, რომელიც ამ პროგრამამ მოიტანა. მთლიანად, ორი წლის განმავლობაში, პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, 235 პროექტი განხორციელდა, რომელთა მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციის მოცულობა აღწევს 522 000 000 ლარს და ჯამურად, მხოლოდ ამ პროგრამის ფარგლებში, შექმნილია 11 000 ახალი სამუშაო ადგილი.
ასევე, 2016 წლიდან დავიწყეთ პროექტი „სტარტაპ საქართველო”, რომლის ფარგლებშიც უკვე დაფინანსდა 60-ზე მეტი ახალი დამწყები ბიზნესი. გუშინ ჩვენ დავაჯილდოვეთ კიდევ 9 ახალი გამარჯვებული და ამ მიმართულებით 900 ათასი ლარი გაიცა. ეს არის ჩვენი ეკონომიკის ყველაზე დიდი ზრდის პოტენციალის მქონე ქვესექტორი და ამ მიმართულებით მთავრობის ძალისხმევა გაგრძელდება. ეს არის ტრანსფორმაცია, მაგრამ ყველაზე დიდი ეფექტი, რაც ამ პროგრამებს მოაქვს, არის აზროვნებაში ცვლილება, რათა ახალგაზრდებმა იფიქრონ, რომ გახდნენ დამსაქმებლები.
ვითავისებთ მათ ამ მდგომარეობას და ასევე ვითავისებთ იმ რეფორმების საჭიროებას, რომელთაც ვახორციელებთ. ეს არის სწორი გზა, ეს არის ის გზა, რაც იმ ოპტიმიზმის საფუძველს იძლევა, რომელსაც მე პირადად არაერთხელ გამოვხატავ ხოლმე. ეს ოპტიმიზმი არის სრულიად მატერიალური და პირდაპირ ტრანსფორმირდება იმ ენერგიაში, რომელიც თითოეულ მოქალაქეს ძალიან სჭირდება. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა – დიახ, 2017 წელი იქნება ძალიან მაგარი წელი და ამას ჩვენ ყველანი ერთად შევძლებთ“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები