საკრებულოს დადგენილებით, ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება

დედაქალაქის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს დადგენილებით მიღებული ჯანმრთელობის დაცვის ქვეპროგრამების განხორციელების წესი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.
როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ წესში განსაკუთრებით ხაზგასასმელია ორი ცვლილება, რომლებიც ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციასა და ძუძუს კიბოს მკურნალობის მიმართულებით განხორციელდა.
აღნიშნულ დრომდე ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ქვეპროგრამით სარგებლობა შეეძლოთ მხოლოდ 40 წლამდე ასაკის ონკოჰემატოლოგიური დაავადებების მქონე პირებს. 2017 წლიდან კი ასაკობრივი შეზღუდვა მოხსნილია და შესაბამისად, ქვეპროგრამით სარგებლობა თბილისში რეგისტრირებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის საჭიროების მქონე ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეს შეეძლება. (მათ შორის, იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე პირებს, რომლებსაც დევნილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით, რეგისტრირებულ მისამართად თბილისი უფიქსირდებათ).
„აღნიშნული ცვლილება შეეხება ყველას, ვისაც დასმული აქვს მწვავე ლეიკემიის, მწვავე ლიმფოიდური ლეიკემიის, მწვავე მიელოიდური ლეიკემიის, ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიის და იუვენური მიელომონოციტარული ლეიკემიის, ასევე არა-ჰოჯკინის ლიმფომის, ჰოჯკინის ლიმფომის, მიელოდისპლაზიური სინდრომის, აპლასტიური ანემიის, ჰისტიოციტოზისა და თალასემიის დიაგნოზი”,-განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
როგორც კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნა, მოსარგებლეთა დაფინანსება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით განხორციელდება. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება: მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, ძვლის ტვინის (ღეროვანი უჯრედების) ტრანსპლანტაციის წინა კვლევები და ტრანსპლანტაცია (აუტოლოგიური ტრანსპლანტაცია, ალოგენური ტრანსპლანტაცია, ჰაპლიოიდენტური ტრანსპლანტაცია), მათ შორის, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. ცვლილება ასევე შეეხო ძუძუს კიბოს მკურნალობის მიმართულებასაც. კერძოდ, ,,ადრეული ძუძუს კიბოს მკურნალობის დაფინანასების ქვეპროგრამა” შეიცვალა ,,ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანასების ქვეპროგრამით”.
პირველ შემთხვევაში, პროგრამის მოსარგებლეები მხოლოდ პირველადი ლოკალიზაციის HER-2 დადებითი ძუძუს ადრეული სტადიის (I-III სტადია) კიბოს დიაგნოზის მქონე პირები იყვნენ. ახალი ქვეპროგრამის საშუალებით, ქვეპროგრამით სარგებლობა შეეძლებათ ასევე, HER-2 დადებითი ძუძუს მეტასტაზური კიბოს დიაგნოზის მქონე პირებს. წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის თქმით, ცვლილება შეეხო სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებსაც, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 150 000-ს.
„ამ მოქალაქეებს მედიკამენტი დაუფინანსდებათ სრულად, თანაგადახდის გარეშე, ხოლო ყველა სხვა მოსარგებლეს, ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის გათვალისწინებით – 80%-ის მოცულობით.
ასეთ შემთხვევაში, პაციენტის თანაგადახდა შეადგენს ქვეპროგრამით დადგენილი მედიკამენტის ღირებულების ლიმიტის 20%-ს,”-აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.
როგორც ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, აღნიშნული ცვლილების ინიცირება დარგის სპეციალისტების რეკომენდაციების და საერთაშორისო აღიარებული გამოცდილების საფუძველზე განხორციელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები