პოეზია, რომელსაც შუამავალი არ სჭირდება…

პოეზია, რომელსაც შუამავალი არ სჭირდება, – ასე შეაფასეს პროფესორ რეზო სტურუას შემოქმედება, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გამართულ პოეზიის საღამოზე, სადაც სტურუას ლექსები წაიკითხეს ცნობილმა მსახიობმა მურმან ჯინორიამ და სტუ-ს სტუდენტებმა.
„რამდენიმე წლის წინ ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ მშობლიური უნივერსიტეტის კედლებში, ხალხმრავალ აუდიტორიაში ჩემს შემოქმედებას წარვუდგენდი საზოგადოებას”, – განაცხადა რეზო სტურუამ. „ყველა პოეტის ლექსებს ვერ ვკითხულობ, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ვიპოვო ჩემი. რეზო სტურუას ლექსები ჩემია, ეს ის ლექსებია, რომელიც დიდი სიამოვნებით წავიკითხე“, – ეს მურმან ჯინორიას შეფასებაა.
“რეზო სტურუას პოეტურობის გაცხადება ტრადიციული საზომებით მოგვიანებით შედგა. მისი პოეტური გზნება, როგორც ჩანს, დიდხანს ელოდა თქმის დროს და მაშინ შეახსენა თავი, როდესაც მის არსებაში ვეღარ დაეტია და შინაგან “მესთან” დიალოგი ვეღარ იკმარა. აქ გასათვალისწინებელი და უთუოდ ანგარიშგასაწევი ისიცაა, რომ რ. სტურუას პოეტური ქრონოტიპი არცთუ დიდ დროჟამულობას მოიცავს. წარმოუდგენლად მცირეა, სულ რაღაც წელიწად-ნახევარს ითვლის. მისი პოეტური გზნება ჭეშმარიტად ვულკანოიდურია, რადგან 100 ლექსის შექმნა ამ ეფემერულად მცირე დროში ყველაზე თამამი წარმოსახვისთვისაც კი გამაოგნებელია, – წერს რეზო სტურუას ლექსების ერთ-ერთი კრებულის „მზე, რომელიც წვიმამ გადაიყოლა“ რედაქტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი თემურ ჯაგოდნიშვილი, – ამ ლექსების ავტორს უჩვეულო შემოქმედებითი აღმაფრენის ჟამი უდგას: ყოველ ცისმარე დღეს ეს მხატვრული სამყარო გასაოცრად კარგი ლექსებით მდიდრდება… ეს კი იმასაც ცხადყოფს, რომ მკითხველს რეზო სტურუას პოეზიასთან არაერთი საინტერესო შეხვედრა ელის”.
და, ბოლოს, გთავაზობთ სტურუას შემოქმედებიდან ერთ-ერთ ლექსს, რომელსაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დიდი მოწონება ხვდა წილად:
„გუშინწინ სულში დამჭრეს და
გუშინ ვირჩენდი იარას,
რა აღარ ვცადე, და მაინც
ტკივილმა არ გამიარა.
დღეს უჩვეულოდ თბილი და
დღეს უჩვეულოდ მშვიდი ვარ,
მზეც უჩვეულოდ ანათებს,
დედის საფლავზე მივდივარ“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები