რომან შამათავას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კუდ-ის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს რომან შამათავას რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
შეგახსენებთ, რომ რომან შამათავა პასუხისგებაში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის დეპარტამენტის ოფიცრის პაატა ქარდავასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სატყეო სამმართველოს რეინჯერის დათო ცინდელიანისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და განზრახ მკვლელობისთვის მიეცა.
გამოძიების ინფორმაციით, შამათავამ ცინდელიანს 2008 წლის აგვისტოში თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა, რის შემდეგაც ბათუმში, ზღვაში ნავით გაიყვანა, თავში გასროლით მოკლა, კვალის დაფარვის მიზნით ცხედარს მძიმე საგანი გამოაბა და ზღვაში ჩააგდო.
ბრალდების თანახმად, ანალოგიური ქმედებით შამათავამ 2008 წლის 27 აგვისტოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ოფიცერი პაატა ქარდავა მოკლა და მისი ცხედარიც ზღვაში ჩააგდო.
საგამოძიებო უწყების ცნობით, კუდ-ის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი შამათავა ცინდელიანს და ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები