კახა კახიშვილის თქმით, მაია რჩეულიშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა არ არის გამონაკლისი შემთხვევა

მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა გაუარესდა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება და გადავიყვანეთ სამოქალაქო კლინიკაში – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა ”პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მაია რჩეულიშვილის შემთხვევა არ არის გამონაკლისი.

კახიშვილის განმარტებით, როდესაც მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს ვეღარ აწვდიან სამედიცინო სერვისს ისინი სამკურნალოდ სამედიცინო კლინიკებში გადაჰყავთ.

„ეს არ არის გამონაკლისი, ფაქტობრივად, ძალიან ხშირად ყველა იმ მსჯავრდებულის და ბრალდებულის გადაყვანა ხდება, ვისაც ჩვენ ვეღარ ვაწვდით სამედიცინო სერვისს საპატიმრო დაწესებულებებში და ძალიან ხშირად ჩვენი პატიმრები გადადიან სამოქალაქო კლინიკებში სამკურნალოდ”, – განაცხადა კახა კახიშვილმა. მისი თქმით, მაია რჩეულიშვილის მდგომარეობა გაუარესდა და საჭირო გახდა კიდევ ერთი სპეციალისტის ჩართვა მეორე კლინიკიდან.

რაც შეეხება მოთხოვნას რჩეულიშვილის გათავისუფლების თაობაზე, მინისტრი აღნიშნავს, რომ მისი უწყება საკითხზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს.

„ ჩვენ ვერ ვიღებთ გადაწყვეტილებას ან დაკმაყოფილებაზე ან უარის თქმის თაობაზე. ადვოკატებმა შეიტანეს კონკრეტულად შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის მოთხოვნით და სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა”, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები