ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი პროკურატურამ დაზარალებულად სცნო
ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტი გიორგი გასვიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო, – ამის შესახებ “კვირას“ პროკურატურის პრეს-სამსახურში განუცხადეს.
19 დეკემბერს, შ.ს. ბორჯომის რაიონულ სამმართველოში, სსიპ 112-დან მიღებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქმეზე მოწმის სახით გამოკითხულმა ტელეკომპანია „იბერიის“ ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა განმარტა, რომ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში მონაწილეობდნენ პოლიციის თანამშრომლები.
აღნიშნული გარემოების გამოვლენისთანავე საქმე შემდგომი გამოძიების მიზნით გადაეცა სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს და საქმის კვალიფიკაციას დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი.