აკაკი მინაშვილი შიდაპარტიულ დაპირისპირებაზე “ფეისბუქზე” წერს
სამწუხაროა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პარტიაში ჩაკეტილი ერთპიროვნული, ოთახის მმართველობის დამფუძნებლები, აშკარა და გამიზნული ტყუილის გზას დაადგნენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი აკაკი მინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
მინაშვილი ყრილობის ჩატარების თაობაზე პარტიის შიგნით არსებულ აზრთა სხვადასხვაობაზე წერს და მათ მიერ შეთავაზებული ხედვის შესახებ ვრცელ განმარტებას აკეთებს.
სამწუხაროა, რომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში პარტიაში ჩაკეტილი ერთპიროვნული, ოთახის მმართველობის დამფუძნებლები, აშკარა და გამიზნული ტყუილის გზას დაადგნენ.
1.ჩვენ მიერ შემოთავაზებული ხედვა საორგანიზაციო კომისიასთან დაკავშირებით, გაცილებით უფრო ფართო და მონაწილეობითია, ორიენტირებულია მაქსიმალურ ჩართულობასა და განსხვავებული პოზიციების მიმღებლობაზე – იმ წესის მიხედვით, რომელსაც მხარი დაუჭირა პოლიტიკური საბჭოს უმრავლესობამ, კომისიის თითო წევრის დასახელების უფლება აქვს პოლიტიკური საბჭოს ხუთ წევრს ანუ ყველა პოზიციის ან მოსაზრების მქონე პოლიტსაბჭოს წევრს უფლება აქვს დანიშნოს თავისი წარმომადგენელი კომისიაში. ეს ვარიანტი სრულად გამორიცხავს იმის შესაძლებლობას , რომ უმრავლესობამ ერთპიროვნულად დააკომპლექტოს საორგანიზაციო ჯგუფი და იქ მხოლოდ მისი ინტერესების დამცველები წარადგინოს. ამჟამად პოლიტსაბჭოს 30 წევრმა წარადგინა კომისიის ექვსი წევრი. დარჩენილ 29 წევრს აქვს შესაძლებლობა წარადგინოს კომისიის ხუთი წევრი(იმ მომენტისათვის, როდესაც ამ წესზე ვმუშაობდით, პოლიტსაბჭოში იყო 60 წევრი და ჩვენი ხედვაც შესაბამისად სრულ პარიტეტს გულისხმობდა, თუმცა საპარლამენტო საჭიროებისათვის ერთი წევრი ისე გავიდა პოლიტსაბჭოდან ოთახის მმართველებს ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. ეს მოხდა ფარულობის იმ ტრადიციიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენმა ოპონენტებმა დაამკვიდრეს). თანასწორობის პრინციპზე დამყარებული ჩვენი წინადადებისგან განსხვავებით ოთახის მმართველების შემოთავაზებულ ვერსიაში საორგანიზაციო საკითხებს სამდივნო წყვეტს, რომლის შემადგენლობაში ეს ჯგუფი აბსოლუტურ უმრავლესობაშია (5-2). რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი უწინდებურად გააგრძელებდნენ ალტერნატიული აზრის გაუთვალისწინებლად გადაწყვეტილებების ერთპიროვნულად მიღებას.
2.ოთახის მმართველების სურვილი იყო მცირე ყრილობის ჩატარება 2000 ადამიანის შემადგენლობით. მათი განზრახვა იყო, რომ პირადი კონტაქტების მეშვეობით გაეტანათ მათთვის სასურველი, პირადი ინტერესებით გამოწვეული, მაგრამ ამავე დროს პარტიის წევრების და მხარდამჭერების უმრავლესობისათვის არასასურველი და საზიანო გადაწყვეტილება. ჩვენი ხედვა, რომელიც პოლიტიკურმა საბჭომ დაამტკიცა, გულისხმობს 7000 დელეგატიან ყრილობას, იმ მასშტაბების სახალხო ფორუმს, სადაც მანიპულირება პირადი ურთიერთობებით შეუძლებელია და სადაც გამოხატული იქნება პარტიის წევრების და მხარდამჭერების ნამდვილი ნება.
3.ყრილობას დაესწრება 7000 ადამიანზე მეტი, რომელთა დაუღალავი მოქმედებით, ხშირ შემთხვევაში მაღალი რისკის შემცველი აქტივობებით ენმ აგრძელებს ბრძოლას და აუცილებლად გაიმარჯვებს. სამწუხაროა, რომ ჩემი თანაპარტიელები მათ ბალაგანს უწოდებენ და ამით იმთავითვე უგულებელყოფენ მათ დაუფასებელ და გადამწყვეტ როლს პარტიის არსებობაში. ძალიან დასანანია, რომ ჩემი თანაპარტიელი მრავალ გასაჭირ გამოვლილ თანამებრძოლთა ერთობას ბალაგანს უწოდებს და უდიდეს შეურაცხყოფას აყენებს, თითქოს მათ არც თავმოყვარეობა გააჩნიათ და არც საკუთარი აზრი, რომლის გათვალისწინებაც პოლიტიკოსების ვალდებულებაა. ასევე მინდა იმედები გავუცრუო ყრილობის ჩაშლის მსურველებს – ეს ყრილობა იქნება, ერთი მხრივ, ემოციური, საქმიანი და მეორე მხრივ, სრულყოფილად ორგანიზებული, სადაც ყველა პოზიცია იქნება დაფიქსირებული და ყველა საკითხზე ჩატარდება ისეთი კენჭისყრა, სადაც თითოეული დელეგატის ხმა იქნება ჩათვლილი და დაცული ( კენჭისყრის ფორმაზე უკვე მიდის მუშაობა, მათ შორის ჩატარებულია პილოტირება).
4.უცაბედად დღეს რომ დაინტერესდნენ ამ პროცედურული საკითხებით – რატომ ერთი კითხვაც არ დაუსვამთ ამ მიმართულებით პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე. იმიტომ ხომ არა, რომ ეგონათ აუცილებლად გაიმარჯვებდნენ და განსხვავებული მიდგომა არ აინტერესებდათ. ჩვენ კი მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული ვიყავით ჩვენი პოზიციის სისწორეში და პოლიტსაბჭოს უმრავლესობის მხარდაჭერაში, უკეთესი გზების საძიებლად ბევრი კითხვა დავსვით. თუ მათ ეს კითხვები აქვთ, 30 ნოემბრის მერე 22 დღეა გასული და აქამდე რატომ არავის გაახსენდა? იმიტომ ხომ არა, რომ ახლა ისინი გადადების ხელოვნური მიზეზების წარმოჩენას ცდილობენ? ასევე შევახსენებ ყველას, რომ პოლიტსაბჭოს საბოლოო სხდომამდე ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს ოპონენტებს გადაგვედო ყრილობა (მათი ხედვებით ყრილობა 27 დეკემბერს უნდა ჩატარებულიყო), რასაც ოთახის მმართველები აქტიურად ეწინააღმდეგებოდნენ. მხოლოდ მათი პოზიციის არგაზიარების შემდეგ მოუნდათ ყრილობის გადადება.
ნაციონალური მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ ამ პარტიის ძალა არის იდეასა და ხალხში. პოლიტიკური ფიგურები, ვინც პროცესებს კულუარებიდან მართავდნენ, თავად გადაწყვეტენ ჩაერთვებიან საორგანიზაციო პროცესში თუ სხვა გზას დაადგებიან, ჩვენ კი გვინდა დავარწმუნოთ ყველა, 20 იანვარს ნაციონალური მოძრაობის ათასობით წევრი და მხარდამჭერი გამოხატავს თავის მკაფიო ნებას და ეს ყრილობა იქნება ოლიგარქზე გამარჯვების საწინდარი!“, – წერს მინაშვილი.