Apple-ს რუსეთის ელჩის მკვლელის მობილური ტელეფონის განბლოკვას სთხოვენ
თურქეთში რუსეთის ელჩ ანდრეი კარლოვის მკვლელობის შემდეგ თურქეთისა და რუსეთის ხელისუფლებამ კომპანია Apple-ს მკვლელის მევლუთ მერთ ალთინთაშის კუთვნილი მობილური ტელეფონის iPhone 4S-ის განბლოკვა სთხოვა. მათივე მტკიცებით, ეს გამოძიებას მკვლელის სხვადასხვა ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირების დადგენაში დაეხმარება.
გავრცელებული ინფორმაციით, Apple გამოძიებას ამ სამსახურს არ გაუწევს, რადგან შარშან კომპანიამ სან-ბერნარდინოს ტერაქტისას ბოროტმოქმედი საიდ ფარუკის კუთვნილი iPhone-ს განბლოკვაზე FBI-საც უარი განუცხადა. Apple-მ მაშინ განმარტა, რომ ეს ნაბიჯი სამართლიანობის ჩარჩოებს ცდებოდა და კომპანიის მომხმარებლების უსაფრთხოებას საფრთხეს შეუქმნიდა.
საინფორმაციო სააგენტო MacReports და სხვა მედიასაშუალებები იუწყებიან, რომ მოწყობილობის განბლოკვის მიზნით, რუსეთი თურქეთში ექსპერტთა ჯგუფს აგზავნის. სან-ბერნანდინოს შემთხვევაში, FBI-მ ჰაკერთა ჯგუფს მოწყობილობის განბლოკვისთვის 1.3 მილიონი დოლარი გადაუხადა, თუმცა, სმარტფონში გამოძიებისთვის საინტერესო ინფორმაცია არ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, 19 დეკემბერს თურქეთში, ანკარაში, ხელოვნების გალერეაში სიტყვით გამოსვლის დროს რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი პოლიციის ოფიცერმა მევლუთ მერთ ალთინთაშიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან მოკლა. თავად ალთინთაში კი ადგილზე მისულმა სპეცრაზმმა ჩაცხრილა.
წყარო; cyber.kvira.ge