საკონსტიტუციო სასამართლო იმ ნორმების საკითხს განიხილავს, რომელიც კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მოქალაქეების დასჯას ეხება

საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო საინიაციტივო ჯგუფის, “თეთრი ხმაურის მოძრაობის” და მოქალაქეების ჯამბულ გვიანიძის, დავით ხომერიკისა და ლაშა გაგიშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით მოქალაქეების დასჯას ეხება. სარჩელს პირველი კოლეგია განიხილავს.
“კონსტიტუციური სარჩელების თანახმად, კანაფის ოდენობის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მცენარის ისეთი ნაწილებიც, რომლებიც არ არის ვარგისი ნარკოტიკული საშუალებების დასამზადებლად. ამასთან, არ ხდება მცენარეში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერების – ტეტრაჰიდროკანაბინოლის ოდენობის განსაზღვრა, რის გამოც, შესაძლოა, პირი დაისაჯოს ნარკოტიკული თრობისთვის სრულიად უვარგისი მცენარის მოყვანის შემთხვევაშიც კი. აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ მოცემული ქმედებებისთვის დაწესებული სანქცია – თავისუფლების აღკვეთა, წარმოადგენს არაადამიანურ და დამამცირებელ სასჯელს”, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა, გიორგი ლომთაძემ.
“თეთრი ხმაურის მოძრაობა” თვლის, რომ მცენარე კანაფის დათესვისა და მოყვანისთვის დაწესებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არაჰუმანური და ადამიანის პატივის შემლახველია და იგი კონსტიტუციასთან შეუსაბამობაში მოდის. მოსარჩელეთა განცხადებით, სადავო ნორმები ერთმანეთისგან არ მიჯნავს სანქციებს სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებებისა და მათი საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის მიხედვით, რაც არ იძლევა სასჯელის ინდივიდუალიზაციის შესაძლებლობას. ამასთან, გასაჩივრებული რეგულაციებით, დადგენილი სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა მიემართება როგორც იმ პირს, ვინც მოცემული დანაშაული ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების პირადი მოხმარების მიზნით, ასევე მას, ვისაც ამოძრავებდა მისი გასაღების მიზანი”, განაცხადა გიორგი ლომთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები