დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიამ განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ასლან ბ.-ს მიმართ გამამართლებელი განაჩენი დაადგინა და იგი სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
საქმე ეხება 2004 წლის 27 ოქტომბერს, თბილისში მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას, რომლის დროსაც, შელაპარაკებისას, სასიკვდილოდ დაიჭრა დავით ო. და გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
„თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქმის არსებითი განხილვისას, საქმეში წარმოდგენილ და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით მიიჩნია, რომ ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის დამნაშავედ ცნობისათვის. შესაბამისად, სასამართლომ მტკიცებულებათა შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდა კანონით დადგენილი წესით, ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვიტა.
სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით“, – ნათქვამია საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები