შს მინისტრი: ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელის მუნდირს

“ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, სწორედ ასეთი ადამიანებისგან იქნება გაწმენდილი შინაგან საქმეთა სამინისტრო.
“გუშინ არასწორი ინტერპრეტაცია გაკეთდა ჩემ მიერ გაკეთებული კომენტარის ირგვლივ, რომელიც შეეხებოდა უწყებაში მიმდინარე ოპტიმიზაციას. მე ვიხმარე სიტყვა „ბალასტი“, გიდასტურებთ – დიახ, მე ბალასტად ვთვლი ისეთ ადამიანებს, რომლებიც შეურაცხყოფას აყენებენ პოლიციელის მუნდირს, ჩირქს სცხებენ მას, სწორედ ასეთებისგან იქნება გაწმენდილი შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაძლებელია, რომ იყვნენ ასეთი ადამიანები. მრავალჯერ მაქვს ნათქვამი და კიდევ ვიმეორებ: 40 ათასამდე თანამშრომელი გვყავს შინაგან საქმეთა სამინისტროში და გამორიცხული არ არის, რომ ასეთი თანამშრომლებიც იყვნენ. ვგულისხმობდი მხოლოდ და მხოლოდ ასეთ ადამიანებს“ , – განაცხადა შს მინისტრმა.
მისივე თქმით, ყველა ღირსეული პოლიციელი თანამდებობას შეინარჩუნებს.
„აქვე განვმარტავ, რომ თანამდებობებს შეინარჩუნებს ყველა ის თანამშრომელი, ღირსეული პოლიციელი, რომლებიც სიცოცხლის და ჯანმრთელობის რისკის ფასად, იცავენ ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას, არათუ დარჩებიან, არამედ წახალისდებიან და დაწინაურდებიან კიდევაც სისტემაში. არაფერი არ აღმომიჩენია. განვმარტავ, რომ 40-ათასიან კოლექტივში შესაძლოა იყვნენ ასეთი ადამიანები და ყოფილა შემთხვევები, როცა ასეთები გამოვლენილა და რა არის გასაკვირი, რომ ჩვენ მათგან გავთავისუფლდეთ? ჩემთვის არის შეურაცხმყოფელი ის, რომ ისეთი ადამიანი, რომელიც შეურაცხყოფს პოლიციას, მუშაობდეს პოლიციაში“, – აღნიშნა მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები