ევროპის პარლამენტმა საქართველოსა და ევროპოლს შორის შეთანხმების პროექტი დაამტკიცა

ევროპარლამენტმა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი შეფასებით, ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო.
“ევროპარლამენტმა მიიღო ჩვენთვის ისტორიული გადაწყვეტილება. ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა საქართველოსა და ევროპის პოლიციის სამსახურს შორის ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ პროექტი. პროცედურის თანახმად, ევროკავშირის საბჭო გასცემს უფლებამოსილებას ევროპოლის დირექტორზე, რომელიც უახლოეს მომავალში საქართველოში ჩამოვა და ჩვენ ამ შეთანხმებას ორმხრივი ხელმოწერით განვამტკიცებთ. ევროპოლთან ამ შეთანხმების გაფორმებაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მუშაობდა.
2015 წლის ივნისში ევროპოლის ექსპერტებმა ადგილზე შეაფასეს საქართველოში არსებული პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხი და დადებითი დასკვნა მიიღეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ საქართველო შსს სრულად აკმაყოფილებდა ევროპოლის სტანდარტებს. ამ დოკუმენტის ძალაში შესვლის შემდეგ”,- განაცხადა მღებრიშვილმა.
მინისტრის თქმით, საქართველო ევროპოლის ოპერატიული პარტნიორი ქვეყანა გახდება, რაც ქვეყანას ევროპოლთან, როგორც ოპერატიული, ასევე არაოპერატიული მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს.
“შეთანხმების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე წარგზავნის ევროპოლის შტაბბინაში მეკავშირე ოფიცერს, რომელიც ევროპის პოლიციის სამსახურთან მჭიდრო კავშირების დამყარებას უზრუნველყოფს”,- განაცხადა მღებრიშვილმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების ერთ–ერთი ძირითადი პრიორიტეტი არის ევროპულ სტრუქტურებთან, განსაკუთრებით კი ევროპის კავშირის სამართალდამცავ უწყებასთან (ევროპოლი) მჭიდრო თანამშრომლობა.
ევროპოლთან თანამშრომლობის ორი ძირითადი ფორმა – სტრატეგიული და ოპერატიული დონის თანამშრომლობა არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები